“სამართლიანობა ქონებრივი დაბრუნების ნაწილში ვერ აღვადგინეთ”, – ინტერვიუ ზაქარია ქუცნაშვილთან

კოალიცია „ქართული ოცნება“ 2012 წლის მოწვევის პარლამენტში ერთი მთავარი განაცხადით – „სამართლიანობის აღდგენა“ მოვიდა ხელისუფლებაში. „ქართული ოცნების“ 2016 წლის საარჩევნო პროგრამაში სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე ფრაზა გვხვდება და მითითებულია: „გაგრძელდება სამართლიანობის აღდგენის პროცესი კონსტიტუციურ ფარგლებში და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, ხელისუფლება გამოიყენებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა თითოეულ ადამიანს აღუდგეს წინა ხელისუფლების მიერ დარღვეული უფლება და დაისაჯონ შესაბამის დანაშაულში ბრალდებული პირები“.

პროგრამაში ასევე მითითებულია, რომ „წინა ხელისუფლების დანაშაულებრივი სისტემის შემქმნელები დაისაჯნენ ან ქვეყნიდან გაიქცნენ. პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, რომლის მუშაობის საფუძველზე წინა ხელისუფლების პირობებში ჩადენილი წამების, არაადამიანური მოპყრობისა დასხვა ძალადობრივ დანაშაულებთან დაკავშირებით, პროკურატურამ აწარმოა გამოძიება 191 სისხლის სამართლის საქმეზე, რის საფუძველზეც სასამართლომ დამნაშავედ სცნო 81 ყოფილი თანამდებობის პირი და საჯარო მოხელე, 38 შემთხვევაში კანონიერ 

მფლობელებს 15 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების წართმეული ქონება დაუბრუნდათ. გამოძება გრძელდება 324 საქმეზე“.

საკმარისია თუ არა ხელისუფლების მიერ გაწეული ღონისძიებები სამართლიანობის აღდგენისთვის „აიპრესმა“ „ქართული ოცნების“ კოალიციის ყოფილი პარტიების წარმომადგენლები გამოკითხა.

ამჯერად გთავაზობთ ინტერვიუს „ქართული ოცნების“ წევრ ზაქარია ქუცნაშვილთან.

2012 წელს, კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო. როგორ ფიქრობთ, ეს დაპირება შეასრულეთ?

ჩვენ ამ დაპირების დიდწილად შესრულება შევძელით, მაგრამ არა სრულად. 

დიდწილად შესრულებაში რას გულისხმობთ?

დიდწილად შესრულებაში ვგულისხმობთ იმას, რომ მაგალითად სკოლის პედაგოგები, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით იყვნენ გათავისუფლებულები, ისინი სკოლებში აღვადგინეთ. ასევე საპატიმროებიდან გამოვუშვით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები. მოქალაქეები, რომლებიც სამსახურიდან გათავისუფლებულები იყვნენ პოლიტიკური მოტივაციით, მათ საქმეების წარმოების უფლება მიეცათ. პირები, რომლებიც  უკანონო მსჯავრდებულები იყვნენ, მათ საქმეების გადახედვის უფლება მივეცით, ამ მხრივ პარლამენტმა სისხლის სამართლის კანონმდებლობა გაამარტივა. ქონება, რომელიც წაართვეს ადამიანებს ნაწილობრივ დავუბრუნეთ. 

კი მაგრამ, წართმეული ქონების ძალიან მცირე ნაწილი დაბრუნდა…

ამიტომაც ვამბობ, რომ დაპირებები დიდწილად შევასრულეთ, მაგრამ არა სრულად. 

რა ბედი ელით იმ ადამიანებს, რომლებსაც წინა ხელისუფლების პირობებში ქონება ჩამოართვეს. 4 წლის განმავლობაში მათ ვერ იპოვეს სამართალი. მართალია პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტიც კი შეიქმნა, მაგრამ ქონება ძალიან მცირე ნაწილს დაუბრუნდა. ადამიანები დღემდე იბრძვიან საკუთარი ქონებისა თუ ბიზნესის დასაბრუნებლად, მაგრამ უშედეგოდ. რას ეტყვით მათ?

სამართლიანობის აღდგენა მარტო ქონებრივ დავებზე არ გადიოდა. ვიმეორებ, სამართლიანობის აღდგენის პროცესი დიდწილად შევასრულეთ და არა სრულად. როდესაც ვამბობ დიდწილად შევასრულეთ-თქო, სწორედ ამას ვგულისხმობ, რომ ადამიანებმა ვერ დაიბრუნეს წართმეული ქონება. 

გეთანხმებით, რომ ქონებრივი დავები პრობლემური საკითხია. მოხდა ნაწილობრივ ქონების დაბრუნება. თქვენ არ იცით, რომ დაპატიმრებული ავტომანქანები დავუბრუნეთ მოქალაქეებს. მანქანები რომლებიც იყო ეჭვქვეშ რომ გატაცებული იყო, მოპარული, ან ევროპის ბაზარზე იყო გადაყიდული ასეთი მანქანები მფლობელებს დაუბრუნდა. ამაზე შევქმენით მექანიზმი როდესაც ადამიანებმა ეს მანქანები დაიბრუნეს. უბრალოდ ეს საკითხი საზოგადოებაში ფართოდ არ არის გავრცელებული. დაახლოებით რამდენიმე ათასი მანქანა დაბრუნდა. 

იძულების წესით წართმეულ მანქანებზე კი საზოგადოება კარგად არის ინფორმირებული. პროკურატურა ყოველ თვე ატარებს ბრიფინგებს და საზოგადოებას აღნიშნულის თაობაზე საქმის კურსში აყენებს.

რაც შეეხება ქონებრივ დავებს, ეს დასრულებული არ გახლავთ. აქ სასამართლოებმა კარგი პრაქტიკა აირჩიეს, როდესაც ხანდაზმულობის ვადას მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ობიექტურად უნდა ითქვას, რომ აქ არის პრობლემები. თუ რამე პრეტენზიებია სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი სწორედ ქონებრივი დავებია. 

რა პრობლემებს გულისხმობთ?

ის, რომ ვთქვათ სისტემური მიდგომა ამ ქონებრივი წარმოების სფეროში ვერ იქნა მოძიებული. იმიტომ რომ ეს სხვადასხვა საკითხებს ეხება. ერთია სისხლის სამართლის ჩადენის გზით, მეორეა მოტყუების გზით, მესამეა უკანონო საგადასახადო მოთხოვნების გზით, მეოთხეა საჯარო რეესტრში მონაცემების გაყალბება და კიდევ უამრავი სხვა. ანუ როგორც ასეთი სისტემური პროგრამა ამ პრობლემის მკურნალობისა მოძიებული ვერ იქნა. 

ქონებრივი დავების გარდა კიდევ ბევრი სამართლებრივი საქმე დღემდე არ არის გახსნილი. იგივე ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების დეტალები დღემდე ბურუსითაა მოცული. ეს ის საკითხია, რომლითაც მაშინდელი ოპოზიცია მუდმივად აპელირებდა. იყო კიდევ არაერთი გახმაურებული სამართლებრივი საქმე. რას ეტყვით საზოგადოებას რატომ ვერ გაიხსნა ასეთი საქმეები?

პროკურატურის ინფორმაციას სრულად არ ვიცნობ, მაგრამ ბევრი საქმე გახსნეს. მათ შორის სისხლის სამართლის დანაშაულებზე. მაგრამ ყველა საქმე გახსნილი ვერ იქნება, თუნდაც ხანდაზმულობის სირთულის, მტკიცებულებათა გაქარწყლების, ან გაქრობის გამო. სს დანაშაულის გახსნა გაცილებით მარტივია ცხელ კვალზე, თორემ მერე მისი გახსნა რთულდება. დროთა განმავლობაში კვალი იშლება. მით უმეტეს, როდესაც საუბარი თანამდებობრივ დანაშაულზეა. ასეთი საქმეები ორგანიზაბულია და გამოძიებისთვის ბევრად რთულია. 

მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა იგეგმებოდა, რომელიც ასევე არ შეიქმნა. ამაზე რა პასუხი გაქვთ?

2016 წლის საგაზაფხულო სესიაზე ჩემი ავტორობით მოვახდინეთ ცვლილება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში. მოვძებნეთ იურიდიული მექანიზმი საქმეების გადასინჯვისთვის. კერძოდ ხარვეზების დამდგენ კომისიას თუ სპეციალიზებული სასამართლოები უნდა შეექმნა. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე რომ პროკურატურას მივეცით უფლება რომ თუ გამოვლინდებოდა  მოქალაქეების მიმართ დარღვეული უფლება –  იქნებოდა ეს თავისუფლება, სისხლის სამართლებრივი უფლება თუ სხვა ნებისმიერი უფლება, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ანუ თუ ეს დარღვეული უფლება კავშირში იქნებოდა სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენთან მაშინ მოქალაქეებს ექნებათ საქმეების გადახედვის კანონიერი უფლება. აპრილიდან მოყოლებული ეს კანონი უკვე ძალაშია. 

თქვენი ყოფილი პარტნიორების „რესპუბლიკელების“, „თავისუფალი დემოკრატების“ და „ეროვნული ფორუმის“ წევრები აცხადებენ რომ ისინი სპეციალური კომისიის შექმნას ითხოვდნენ, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ ამას მხარი არ დაუჭირა. რას უპასუხებთ ამას?

მე ყოფილი პარტნიორების შეფასებისას მოკრძალებული ვარ. ამ თემაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ.

პროკურატურის მიმართ თქვენ, როგორც უმრავლესობის დეპუტატს კითხვები არ გიჩნდებათ? თუნდაც გამოძიების ტემპებთან დაკავშირებით?

მე ჩამოვთვალე როგორი სირთულეები იყო ამ საქმესთან დაკავშირებით. ხანდაზმულობა, მტკიცებულებათა გაქრობა და ა.შ. აქედან გამომდინარე პროკურატურასთან კითხვები არ მაქვს.

„ქართულ ოცნებას“ ახალ საარჩევნო პროგრამაში სამართლიანობის აღდგენაზე ძალიან ზოგადი ჩანაწერი აქვს გაკეთებული. რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ეს საკითხი იმდენად პრიორიტეტული აღარ არის. რატომ გადაწყვიტეთ ასე რომ ამ საკითხს მეორე პლანზე გადაენაცვლა?

ჩვენ ვფიქრობთ რომ ორიენტაცია აღებული უნდა გვქონდეს სამართლიანობის დამკვიდრებაზე. სამართლიანი სისტემა უნდა დავნერგოთ და აქცენტი ამაზე უნდა იყოს აღებული. 

იმ ადამიანებმა რომლებმაც სამართალი აქამდე ვერ იპოვეს მისი აღდგენის დიდი იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ? 

არა, ეს ასე არ არის. სამართლიანობის დამკვიდრების შემთხვევაში დანაშაულის ხანდაზმულობას მნიშვნელობა ეკარგება. ყველა მოქალაქეს აქვს უფლება. 5, 10, 20 წლის შემდეგაც აღიდგინოს თავისი უფლება. თუ ამ სისტემამ ჯეროვნად იმუშავა, რა დროც არ უნდა იყოს გასული, მაშინ თავის უფლებებს ყველა აღიდგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად