სამადაშვილი: ვხედავთ, რომ საზოგადოებას გახარიას მიმართ არანაირი ნდობა არ აქვს

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილს არ ესმის, რომ რუსეთისგან განსხვავებით, დასავლეთი არ ერევა სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნების შიდა პოლიტიკაში და მათ არ აძლევს მითითებას, რომელი პოლიტიკოსი დაისაჯოს, მინისტრთა კაბინეტის რომელმა წევრმა აგოს პასუხი”.

მისივე თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ 20-21 ივნისის მოვლენებზე უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება.

„ვხედავთ, რომ საზოგადოებას გახარიას მიმართ არანაირი ნდობა არ აქვს. მისი მინისტრობის პირობებში ნებისმიერი გამოძიება იქნება დისკრედიტებული. ამიტომ არის აუცილებელი გახარიას გადაყენება. ვნახეთ, ბიძინა ივანიშვილს მიაჩნია, რომ ვინაიდან, პროტესტის გამომხატველი ადამიანების რაოდენობამ იკლო, ძალიან მშვიდად შეუძლია შეინარჩუნოს გახარია, რომელიც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რესურსია. ივანიშვილი რაც უფრო კოტრდება და ნათელია, რომ პოლიტიკურ ძალაუფლებას კარგავს, მით მეტად დასჭირდება ის ძალადობრივი მექანიზმები, რაც მას ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება. ამ შემთხვევაში, გახარია მისთვის ინსტრუმენტია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისათვის: პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა დღეს განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომა იქნებოდა სამშობლოს ღალატი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...