სამადაშვილი: ვისაც სურს, საქართველო გახდეს ნატოს წვერი, 20 სექტემბერს, 7 საათზე, პარლამენტთან მოვიდეს!

ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გუშინ, ტელეკომპანია “იმედის კვირაში” გასულ სიუჟეტს, რომელიც სალომე სამადაშვილის თქმით, რუსული პროპაგანდისტული მეთოდების გამოყენებით, თავს დაესხა აშშ-ის ეროვნულ გმირს, აწ გარდაცვლილ სენატორ მაკკეინს, მაკკეინის ინსტიტუტის ხელმძღვანელობას და სხვა ყოფილ თუ მოქმედ ამერიკელ დიპლომატებს და სხვადასხვა მოღვაწეებს ვაშინგტონში, რომლებიც დღემდე იცავენ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ძალიან აქტიურად.

“იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი არჩევანი, გახდეს ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი და ნატოს წევრი რაც შეიძლება სწრაფად, მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, საზოგადოებრივ მოძრაობას და ყველა მოქალაქეს, ვისაც სურს, რომს საქართველო გახდეს ნატოს წვერი, მოვიდეს 20 სექტემბერს საღამოს 7 საათზე, საქართველოს პარლამენტთან და ხმამაღლა განაცხადოს საკუთარი პროტესტი რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც დაეპატრონა ამ ქვეყანას და საკუთარი მედიასაშუალებებით ცდილობს, რომ გზა-კვალი აუბნიოს საქართველოს მოქალაქეებს.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც გახდა თავდასხმის ობიექტი “იმედის” სიუჟეტში, ასევე ძალიან ხშირად არის თავდასხმის ობიექტი “ნტვ”-ს, “რაშა თუდეი”-ს და რუსეთის სხვა ტელეარხებზე. მაშ, რა აერთიანებს დანიელ ფრიდს, კურტ ვოკერს, დავიდ კრამერს, მეთიუ ბრაიზას და სხვა ადამიანებს, ვინც გახდნენ თავდასხმის ობიექტი. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც ყველა ადმინისტრაციის პირობებში, მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის რაც შეიძლება სწრაფად გაწევრიანებას ნატოში, გამოირჩევიან უკომპრომისო პოზიციით რაც შეეხება რუსეთის მიერ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციას და რუსეთის მიერ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას.

სწორედ ამიტომ არიან მუდამ სამიზნე რუსული პროპაგანდისტული საშუალებებისთვის. თუმცა, მათ ახლა დაემატა საქართველოს ერთერთი ძირითად ტელეარხი “იმედი”, რომელიც სიტყვა სიტყვით იმეორებს რუსულ პროპაგანდისტულ გზავნილებს ამ ადამიანებთან მიმართებაში. უნდა აღინიშნოს, რომ ტელეიმედი საკუთარი სიუჟეტით თავს ესხმის ამ შემთხვევაში არა რომელიმე ამერიკელ დიპლომატს, ან ყოფილ დიპლომატს, ან გავლენიან ადამიანს ვაშინგტონის გავლენიან პოლიტიკურ წრეებში, ტელეიმედი თავს ესხმის ჩვენს ევროატლანტიკურ მომავალს და ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ჩვენ გუშინ ვიხილეთ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის საელჩოსთან მრავალრიცხოვანი მიტინგი, რომელიც გამართა “ქართული ოცნების” სატელიტმა “პატრიოტთა ალიანსმა”. ეს არის რეალური სახე დღევანდელი ხელისუფლების”-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად