სამადაშვილი უმრავლესობას: პარლამენტში ხმაური რომ იწყება, ცოტათი შეშინებული ჩიტების ჟღურტულს მაგონებს თქვენი ხმები

“პარლამენტში ხმაური რომ იწყება, ცოტათი შეშინებული ჩიტების ჟღურტულს მაგონებს თქვენი ხმები”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის მისამართით განაცხადა, რითაც „ევროპული საქართველოს“ ლიდერ გიგა ბოკერიასა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის დაპირისპირებას გამოეხმაურა.

სალომე სამადაშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“ უნდა ეშინოდეს, რადგან ამერიკულ პრესას ადამიანი ისე ვერ გადაშლის, რომ „ვინმემ ბიძინა ივანიშვილს ავაზაკი ან დემოკრატიის მტერი არ უწოდოს“.

„იმედია, ხმაურით არ შეხვდება უმრავლესობა ჩემს გამოსვლას, იმიტომ, რომ ხმაური რომ იწყება, ცოტათი შეშინებული ჩიტების ჟღურტულს მაგონებს თქვენი ხმები და უნდა გეშინოდეთ, ცუდად გაქვთ საქმე, ცუდი დღე გაგითენდათ. ყოველ დღე დასავლეთის პრესას ვერ გადაშლის ადამიანი, რომ თქვენს პოლიტიკურ პატრონს, ბიძინა ივანიშვილს ან ავაზაკი არ უწოდოს ვინმემ ამერიკულ პრესაში ან დემოკრატიის მტერი“, – განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ: დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბოკერია და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დეპუტატებმა ერთმანეთს შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად