სამადაშვილი: როგორც ჩანს, აშშ-მ დაკარგა რწმენა, რომ საქართველოს ხელისუფლება სტრატეგიულ ინტერესებს იცავს

“ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს სჭირდება, საჯაროდ გააკეთოს ის გზავნილები, რაც გუშინ გაკეთდა. საქართველოს ხელისუფლება ფაქტიურად გააფრთხილეს, რომ თუ ჩვენს ქვეყანაში არ შეიცვლება არჩევნების ჩატარების წესი, არ იქნება რეალურად დაცული დემოკრატიული თამაშის წესები, ჩვენს ქვეყანას და მის სტრატეგიულ ურთიერთობებს დასავლეთთან და აშშ-სთან შეექმნება საფრთხე”,-ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სალომე სამადაშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მიერ გაკეთებული გზავნილების შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ეს იყო შეხსენება, რომ სტრატეგიული ურთიერთობები ემყარება საერთო ღირებულებებს და ამ საერთო ღირებულებებს, როგორც ჩანს, აშშ ვეღარ ხედავს უკვე დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკაში.
​”ასევე ძალიან შემაშფოთებელია, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს უწევს პრემიერ-მინისტრის საჯაროდ გაფრთხილება, რომ ანაკლიის პროექტის სტრატეგიული მნიშვნელობა დასავლეთისთვის არის ძალიან დიდი და რომ რუსეთის და ჩინეთის ინტერესები უპირისპირდება დასავლეთის ინტერესებს. როგორც ჩანს, დაკარგა რწმენა აშშ-ს ადმინისტრაციამ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება იცავს სწორედ იმ სტრატეგიულ ინტერესებს, რომელიც დასავლეთს გააჩნია ანაკლიის პორტთან მიმართებაში”,-აცხადებს სამადაშვილი.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოსა და აშშ-ს ურთიერთობა გაცილებით უფრო სიღრმისეულია, ვიდრე უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ შეხვედრისას ხაზი გაესვა მიმდინარე რეფორმების გაგარძელების აუცილებლობას სასამართლო სისტემის გაუმჯობესებისა და დემოკრატიის ფარგლებში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფის მიმართულებით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...