A1 ბანერი

სამადაშვილი: ხელისუფლებამ აგრესიული ჯგუფები გადაისროლა ლიეჟში, რომ პროვოკაცია მოუწყოს საცოდავ ადამიანებს

„გუშინ რაც ვიხილეთ, ეს იყო ძალიან სამარცხვინო ფურცელი ჩვენს უახლოეს ისტორიაში“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ლიეჟში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა გამართა.

მან საქართველოს ხელისუფლება პროვოკაციის მოწყობაში დაადანაშაულა.

დეპუტატის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ლიეჟში „აგრესიული ჯგუფები“ სპეციალურად გაგზავნა, რათა ქართველი ემიგრანტებისთვის მიხეილ სააკაშვილთან ერთად კონკრეტული საკითხების განხილვაში ხელი შეეშალათ.

„ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება საბიუჯეტო თანხებს ფლანგავს იმისთვის, რომ საქართველოდან ზონდერ ჯგუფები და გაურკვეველი აგრესიული ჯგუფები გადაისროლოს ლიეჟში და იქ პროვოკაციები მოუწყოს საცოდავ ადამიანებს, რომლებიც ამ ქვეყნიდან გაქცეულები არიან, ყოველდღე გარბიან თქვენი ხელისუფლების პირობებში, რომ ლუკმა პური იშოვნონ სხვა ქვეყანაში. მათ არ აძლევთ შესაძლებლობას, რომ მშვიდობიანად განიხილონ სხვადასხვა მათთვის საჭირ-ბოროტო საკითხები მათთვის საინტერესო პოლიტიკურ ლიდერთან. ეს ლიდერი თქვენთვის მისაღები არის თუ არა, ეს ამ ხალხისთვის საინტერესო არ არის.

საკუთარ პარლამენტის თავმჯდომარეს მოკითხეთ, რომელმაც დღეს დაადასტურა, რომ უშუალო მონაწილეობა აქვს ხელისუფლებას მიღებული ამ სამარცხვინო ფაქტში და მე აუცილებლად მიმაჩნია, რომ ჩვენ მივმართოთ ბელგიის შესაბამის ორგანოებს, რათა გამოძებული იქნას ხელისუფლება რამდენად არღვევდა საერთაშორისო ვალდებულებებს , როდესაც როგორც ჩანს თქვენი უშიშროების სამსახური , რომელიც დაკავებული უნდა იყოს ამ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვით, ამის ნაცვლად ამ სამარცხვინო, კლოუნადის ორგანიზებით არის დაკავებული“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...