A1 ბანერი

სალომე ზურაბიშვილი: საქართველომ აირჩია ევროინტეგრაციის გზა და მას არ გადაუხვევს

ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტი პირველ სამუშაო ვიზიტს განაგრძობს. საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის პრეზიდენტ ანტონიო ტაიანის შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის წინაშე მდგარ გამოწვევებზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებსა და საქართველოს ევროპულ მისწრაფებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველო ყურადღებით აკვირდება ამ მოვლენების განვითარებას, რადგან მიაჩნია, რომ ისინი პირდაპირ კავშირშია მის ევროპულ ინტეგრაციასთან.

სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე ევროპარლამენტში საქართველოს კვირეულის გამართვის შესაძლებლობაზეც ისაუბრა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის აზრით, ევროპარლამენტის თანადგომის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება. შეხვედრის შემდეგ მხარეებმა მედიისათვის განცხადებები გააკეთეს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ალტერნატივა არ ჰქონდა იმას, რომ მას პირველი ვიზიტი ბრიუსელში, ევროკავშირში ექნებოდა, რადგან საქართველო ერთ-ერთი ყველაზე გამოკვეთილი პროევროპული ქვეყანაა.

“საქართველომ აირჩია ევროინტეგრაციის გზა და მას არ გადაუხვევს, რადგან სხვა ალტერნატივა არ აქვს. ამ ხედვას იზიარებს როგორც ქართველი ხალხი, ისე პოლიტიკური ლიდერები, პარლამენტი და პოლიტიკური ძალები. სწორედ ამიტომ გაკეთდა ჩანაწერი კონსტიტუციაშიც, რომელიც ძალაში დეკემბრიდან შევიდა.

მადლობელი ვარ ყველა იმ შეხვედრისთვის, რაც ამ ორი დღის განმავლობაში გაიმართა ბრიუსელში. ყველამ გამოხატა საქართველოს მხარდაჭერა და ჩვენი დახმარების მიზნით მეტის კეთების სურვილი. ჩვენ მეტი თანამშრომლობა გვსურს. ვიცით, რომ ინტეგრაცია მოკლე დროში ვერ მოხერხდება, მაგრამ მუშაობას გავაგრძელებთ. ჩვენ რეალისტები ვართ, მაგრამ ამავდროულად საკმაოდ ამბიციურებიც.

მადლობას ვუხდი პარლამენტს პოლიტიკური მხარდაჭერისთვის ყველა იმ საკითხის გამო, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მათ შორის, განსაკუთრებით აღსანიშნავია ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი. ჩვენ ვისაუბრეთ ევროპარლამენტში საქართველოს კვირეულის თემაზე, რომელიც ქართული კულტურის როგორც ევროპულის აღიარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ერთობლივი განცხადებებისას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...