სალომე ზურაბიშვილი: ოპოზიციას დიდი პასუხისმგებლობა აქვს ამომრჩევლის წინაშე, რომელსაც დაჰპირდა გამარჯვებას და არა ქუჩაში დგომას

“ოპოზიციას დიდი პასუხისმგებლობა აქვს ამომრჩევლის წინაშე, რომელსაც დაჰპირდა გამარჯვებას და არა ქუჩაში დგომას. დაჰპირდა საპარლამენტო ტრიბუნიდან ალტერნატიული პოლიტიკური პოზიციების წარდგენას და მათი კანონმდებლობით და არა ბოიკოტით შესრულებას”.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებისადმი მიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის ამომრჩევლის უმრავლესობა მხარს უჭერს სწორედ ასეთ აქტიურ ჩართულობას და მანდატების ამოქმედებას.

“დღეს ამომრჩევლის ნდობა პარტიებისა და სისტემის მიმართ სასწორზე დგას. უმრავლესობის პასუხისმგებლობაც დიდია: მას არანაკლებ სჭირდება ოპოზიცია, რომელიც გადაწყვეტილებებს კითხვის და კრიტიკის ქვეშ დააყენებს – ეს დემოკრატიული სისტემისთვის აუცილებლობაა! უმრავლესობის მოქმედებას ოპოზიციის გარეშე, შეცდომის დაშვების მეტი რისკი ახლავს. სამაგიეროდ, საპარლამენტო დებატის რეჟიმი, თუნდაც მძაფრი და ზოგჯერ დაუნდობელი, არა მხოლოდ არსებული კრიზისის მართვისთვის გვჭირდება, არამედ არანაკლებად მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი გამოწვევების დასაძლევად, როგორიც არის კონფლიქტების მოგვარება, განვითარების ახალი გრძელვადიანი გეგმა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ჩასატარებელი რეფორმების დაგეგმვა. ეს ამბიციური მიზნები მხოლოდ ერთმანეთის მომსენით და ერთიანი ძალებით თუ მიიღწევა! “- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...