სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი დღევანდელი სტაბილურობა ბევრს შეიძლება არ აწყობდეს და ბევრი გამოწვევა კიდევ იქნება იმ გზაზე, რომელიც მიგვიყვანს არჩევნებამდე

“დღეს ისტორიულიო დღეა. ხელი მოვაწერე საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც წარმოადგენს ჩვენს ქვეყანაში დღეს ახალ ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიულ გზაზე. ამისთვის მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო პარლამენტს, ყველა იმ წევრს, რომელმაც მხარი დაუჭირა ამ ცვლილებას და ასევე ყველა წევრს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რეალურად ყველა უჭერს მხარს. ეს არის ჩვენი პროგრესისკენ, დემოკრატიისკენ, სტაბილურობისკენ გადადგმული ძალიან სერიოზული ნაბიჯი და სერიოზული ნაბიჯი იმ არჩევნებისკენ, არჩევნების დღისკენ, რომელიც გველოდება ოქტომბერში”, – საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხელი მოაწერა.

“მე ვთვლი ჩემს თავს პასუხისმგებლად არა მხოლოდ კონსტიტუციით, მორალურად, რომ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ სტაბილურად მივიდეთ არჩევნების დღეს, ამისთვის გადავდგი თავის დროზე ის რთული, მძიმე ნაბიჯი, რომელსაც შეწყალება ერქვა.

მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ რამე ეწერა რომელიმე შეთანხმებაში, რომელშიც მე არ ვმონაწილეობდი და არ ვთვლიდი, რომ ვიყავი პასუხისმგებელი. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ეს ემსახურებოდა ქვეყნის სტაბილურობას, დღეს სწორედ გამყარდა ქვეყნის სტაბილურობა. არ შეიძლება, ხაზი არ გავუსვა ასევე ელჩების, ფასილიტატორების როლს ამ პროცესში და მათ მადლობა ვუთხრათ იმიტომ, რომ მათი ნაბიჯი, მათი ჩართვაც იყო ამ სტაბილურობის გამყარებისკენ ორიენტირებული.
ვიცით, რომ გველოდება რთული პერიოდი. ჩვენი წარმატებები ამ პანდემიის დროს, ჩვენი დღევანდელი სტაბილურობა ბევრს შეიძლება, არ აწყბოდეს და ბევრი გამოწვევა კიდევ იქნება იმ გზაზე, რომელიც მიგვიყვანს არჩევნებამდე.

ამ გამოწვევებს გავუმკლავდებით ყველანი ერთად და მე მჯერა, რომ ჩავატარებთ მშვიდობიან, სამართლიან, გამჭვირვალე არჩევნებს, როგორც არის დაგეგმილი. ისიც მჯერა, რომ ამაში პანდემია ხელს ვერ შეგვიშლის“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, 117 ხმა 3-ის წინააღმდეგ – პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა  და  მეათე მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატით დაკომპლექტდება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად