სალომე ზურაბიშვილი: ახალ გეოპოლიტიკურ რუკაზე საქართველომ თავისი სპეციფიკურობა და იდენტობა უნდა შეინარჩუნოს

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნა.

“სამწუხაროა, რომ ამ გლობალური გამოწვევის დროს ყველამ ერთნაირად ვერ გააცნობიერა სოლიდარობის და ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობა.
ახლა ყველაზე კარგად ჩანს, რა არის სწორი გზა – ესაა თანამშრომლობისა და მშვიდობის გზა – ის გზა, რომელზეც დგას საქართველო. თანადგომაზე უარის თქმა, დაძაბულობის ესკალაცია და ოკუპაცია კი – ანაქრონიზმია.
ახალ მსოფლიოში ევროპა დიდი გამოწვევისა და სოლიდარობის ახალ ეტაპზე გადასვლის წინაშე დგება. ჩვენთვისაც კიდევ უფრო ნათელი ხდება, რომ მასთან მჭიდრო თანამშრომლობის ალტერნატივა არ გაგვაჩნია და რომ ჩვენი ხვალინდელი ადგილი უდავოდ ევროპულ ბლოკშია – როგორც არ უნდა იცვლებოდეს იგი.
ასევე, ამ ვითარებაში, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ მნიშვნელობას იძენს. იგი უფრო მრავალფეროვანი იქნება, რამეთუ, როგორც ამ თვეებში გამოჩნდა, უშუალოდ სამხედრო გამოწვევების გარდა, ახალი გლობალური საფრთხეების წინაშეც დავდექით. ეს საფრთხეები მოითხოვს თანამშრომლობის მიმართულებების გაფართოებას და ამის მაგალითია ლუგარის ცენტრი და სამეცნიერო ურთიერთობები.
მსოფლიო ეკონომიკის გადალაგების ფონზე, სადაც შავი ზღვის დანიშნულება კიდევ უფრო იზრდება, მისი უსაფრთხოების გასაძლიერებლად საქართველოსა და ნატოს ერთობლივი გეგმები კიდევ უფრო აქტუალური ხდება.
ამავე დროს, ახალ გეოპოლიტიკურ რუკაზე საქართველომ თავისი სპეციფიკურობა და იდენტობა უნდა შეინარჩუნოს. ეს იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ კულტურას, რომელიც არანაკლებად დაზარალდა ეპიდემიის პირველ ეტაზე; ეს იმასაც ნიშნავს, რომ განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ბუნებას, გარემოს – ე.ი. ჩვენს ბიომრავალფეროვნებას – იმას, რაც ჩვენი საგანძურიცაა და მსოფლიოსთვის ძვირფასი საცავიც” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად