სალომე სამადაშვილი: საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ფრაქციაში არ გვიმსჯელია, მაგრამ მე მას მხარს დავუჭერ

ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფმა” 5 ივლისის მოვლენებისა და ჟურნალისტების ცემის ფაქტებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა დააინიცირა. მხარდაჭერისთვის 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. თუმცა, ოპოზიციაში პოზიცია შეჯერებული ჯერ არ არის და კონსულტაციები მიმდინარეობს.

გუშინ ხსენებული ფრაქციის თავმჯდომარემ ხათუნსა სამნიძემ “აიპრესს” უთხრა, რომ ამ საკითხზე მუშაობა გრძელდება. მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილი საგამოძიებო კომისიის შექმნას ეწინააღმდეგება, მაგალითად ასეთია ბოკერია.

“აიპრესი” ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის” წევრს სალომე სამადაშვილს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, დაუჭერენ თუ არა მხარს ფრაქციის შექმნას.

“ფრაქციაში ამ საკითხზე არ გვიმსჯელია, ამიტომ ფრაქციის პოზიციას ვერ გეტყვით. მე შემიძლია ჩემი აზრი გითხრათ.

რეალური პრობლემა ის არის, რომ ხელისუფლება პირდაპირ თანამშრომლობს იმ ჯგუფებთან, რომელიც იყვნენ ძალადობის ორგანიზატორები. ამას დიდი საგამოძიებო საქმიანობა არ სჭირდება. ამის ნათელი მაგალითები და საბუთები ვიხილეთ ყველამ, მაგრამ თუ იქნება ასეთი ინიციატივა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, მე პირადად მხარს დავუჭერ”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

კომენტარები
იტვირთება...