სალომე სამადაშვილი: “ოცნებას” თავისუფალი მასმედიის განადგურება თუ უნდოდა, 10 წელი ჰქონდა ამისთვის

რჩევის სახით მინდა ვუთხრა, თუ უნდოდათ დამოუკიდებელი მასმედიის განადგურება, 10 წელიწადი ჰქონდათ და ის, რაც 10 წელიწადში ვერ მოახერხეს, დარჩენილ თვეებში ამის მცდელობა არავის არ ავნებს, გარდა “ქართული ოცნებისა”, რომელსაც ისედაც განადგურებული რეპუტაცია აქვს, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ლელო – პარტნიორობა საქართველოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა მთავარი არხის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თავისუფალი მედიის განადგურება 21-ე საუკუნეში ბევრად უფრო ავტოკრატიულმა რეჟიმებმაც ვერ შეძლეს.

“ჩემთვის ეს გასაკვირი ნამდვილად არ იყო. იმიტომ, რომ კარგად მახსოვს კობახიძის განცხადება, როდესაც მან ისაუბრა შავ ფულზე – ე. წ. პარტიულ ტელევიზიებს რასაც ეძახის. მაშინ ის იყო ჩემთვის სიგნალი, რომ შემდეგი ეტაპი იქნებოდა სავარაუდოდ ფინანსური ბერკეტების ამუშავება დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ. ეს აჩვენებს, რამდენად აგონიურ მდგომარეობაშია ჩავარდნილი “ქართული ოცნება”. გავიდა ათწელიწადი მათი მმართველობიდან. რჩევის სახით მინდა ვუთხრა, თუ უნდოდათ დამოუკიდებელი მასმედიის განადგურება, 10 წელიწადი ჰქონდათ და ის, რაც 10 წელიწადში ვერ მოახერხეს, დარჩენილ თვეებში ამის მცდელობა არავის არ ავნებს, გარდა “ქართული ოცნებისა”, რომელსაც ისედაც განადგურებული რეპუტაცია აქვს. მათ შორის პირველ რიგში საერთაშორისო რეპუტაცია. ახლა ისინი ამ მოძრაობით ისინი საბოლოოდ ბეჭედს ასვამენ განაჩენს, რომელიც ვფიქრობ, რომ მათთვის თავისუფალ სამყაროს უკვე გამოტანილი აქვს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, მასმედიის თავისუფლების გაუქმება 21-ე საუკუნის საქართველოში აბსურდია.

“ეს არ გამოუვიდათ ივანიშვილზე ბევრად უფრო ავტოკრატიულ რეჟიმებს და ბევრად უფრო დახურულ სისტემაში და ბევრად უფრო დიდ ქვეყნებში. ამიტომ, ეს ჩემთვის ამ ხელისუფლების სისუსტის მაჩვენებელია”, – განაცხადა სალომე სამააშვილმა.

კომენტარები
იტვირთება...