სალომე სამადაშვილი ნათია თურნავას: არა მარტო მორალური კომპასი გაქვთ დაშლილი, არამედ პროფესიულიც

არა მარტო მორალური კომპასი გაქვთ დაშლილი, არამედ პროფესიულიც, – ასე მიმართა ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას, რომელსაც დეპუტატები პარლამენტში უსმენენ.

“ქალბატონო ნათია, რომ გისმენდით გაოცებული ვიყავი. მართალია, თქვენი უფროსის და ქვეყნის არაფორმალური მმართველის ივანიშვილების მსგავსად არ ხართ იმდენად მოწყვეტილი რეალობას, რომ “ტიკ-ტოკის” ვიდეოებით ერთობდოდეთ, როდესაც დაზაფრული ხალხი ელოდება მშიერ ზამთარს და არ იცის თავი როგორ გადაირჩინოს, მაგრამ არანაკლებ მოწყვეტილი ხართ რეალობას და მგონი, თვითონაც არ გჯერათ სულელური ზღაპრების, რომელსაც ქართველ ხალხს აკადრებთ და არა ჩვენ, ოპოზიციას. თქვენ ესაუბრებით იმ ქვეყანას და ხალხს, სადაც ადამიანების 70% სიღარიბეში ცხოვრობს. თავი რომ მოგაქვთ ეკონომიკური პროგრამებით, მინდა შეგახსენოთ, რომ მხოლოდ 7%-ია საქართველოში საშუალო ფენა.

უცნაურია, თუ ასეთი გადასარევი ეკონომიკური პოლიტიკა გქონდათ გასული 8 წლის განმავლობაში. თქვენ, რომელიც წინა ხელისუფლების წევრიც იყავით და ამ ხელისუფლების წევრიც ხართ, აქ ტრიბუნიდან ბედავთ და გვეუბნებით, რომ თურმე უხერხული იყო წინა ხელისუფლების რიგებში ყოფნა და ახლა თავი მოგაქვთ და ამაყობთ ამ ხელისუფლების წევრობით. როგორც ჩანს არა მარტო მორალური კომპასი გაქვთ დაშლილი და გაფუჭებული, არამედ პროფესიულიც. წინა ხელისუფლების პირობებში საშუალო ეკონომიკური ზრდა, ყველაზე მაღალი იყო 12%, განსხვავებით ამ ხელისუფლებისგან, რომლის საუკეთესო მაჩვენებელიც 5% იყო”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად