სალომე სამადაშვილი: ევროკავშირის დახმარება უპირობა არაა, ის დამოკიდებულია უპირველესად მიშელის შეთანხმების შესრულებაზე

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მიშელის დოკუმენტის სახელით ცნობილი შეთანხმება დაარღვია.

ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაციის“ მონაწილე დეპუტატს, ამის დასტურად, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა მოჰყავს.

„ხელისუფლებამ დაარღვია შეთანხმება, როდესაც დანიშნა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები. ჩვენ გვექნება საფუძვლიანი საუბარი, თუ რა მექანიზმების ამუშავება შეუძლია დღეს ევროკავშირს, რათა ხელისუფლებას აიძულოს, გადადგას ის ნაბიჯები, რომელსაც ელოდებიან ამ ხელისუფლებისგან ჩვენი საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორებიც. ევროკავშირის დახმარება უპირობა არაა, ის დამოკიდებულია უპირველესად მიშელის შეთანხმების შესრულებაზე. ჩვენ ამაზე მიშელთან პრინციპული საუბარი გვექნება“, – აცხადებს, სალომე სამადაშვილი.

მისივე თქმით, მიშელთან ოპოზიციის შეხვედრაზე, საუბარი 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე ექნებათ.

„ცხადია, გვექნება საუბარი იმ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც 5 ივლისის შედეგად შეიქმნა. ჩვენი პოზიციაა, რომ ეს ხელისუფლება შეიცვალოს ვადამდელი არჩევნების გზით. ამისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა იმ დოკუმენტის შესრულება, რომელსაც ხელი მოვაწერე მიშელის თანამონაწილეობით და რომელსაც აქვს მიშელის სახელი“, – აღნიშნა სალომე სამადაშვილმა ბათუმში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელისა და ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე.

კომენტარები
იტვირთება...