სალომე სამადაშვილი: დავით გარეჯის პრობლემა მრავალი წლის მანძილზე გრძელდებოდა, კომისია მუშაობდა და ამ კომისიის მუშაობა „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა

„8 წელია „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი იმაზე საუბრობენ, რას აკეთებდა და რას აშავებდა წინა ხელისუფლება. ამ არჩევნების წინ, როცა ლარი არის სრულიად გაუფასურებული და მოქალაქეების დიდი უმრავლესობა არის სიღატაკეში, მათ გადაწყვიტეს, რომ აღარ ჰყოფნით ის თემები, რომელზეც რვა წელი საუბრობდნენ და დღეს მოძებნეს რაღაც ახალი თემა, რომელიც ისევ შეეხება იმას, რას აკეთებდა წინა ხელისუფლება”.

 

ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან პროკურატურის მიერ დავით გარეჯის თემასთან დაკავშირებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს არის სრულიად აბსურდული ბრალდება.

“ეს არის კიდევ ერთი ნათელი განაცხადი იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას იყენებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. ამ ყველაფერს ქართველი ხალხი არჩევნებზე დაასრულებს და იტყვის, რას ფიქრობს, ხელისუფლებაზე მიუხედავად იმისა, წინა ხელისუფლების მიმართ რა აბსურდულ ბრალდებებს მოიგონებს. ამ პრობლემაზე უშუალოდ არ ვმუშაობდი, ბრიუსელში საქართველოს ელჩი ვიყავი, მაგრამ შემიძლია, დანამდვილებით გითხრათ, რომ ეს პრობლემა მრავალი წლის მანძილზე გრძელდებოდა, კომისია მუშაობდა და ამ კომისიის მუშაობა „ქართულმა ოცნებამ“ შეაჩერა. სალომე ზურაბიშვილის აზერბაიჯანში ვიზიტმა კრიზისი გამოიწვია. ამის შემდეგ მათ ამ თემაზე საუბარი მოუწიათ. დღეს იმის ნაცვლად, რომ ჩვენ წარმოგვიდგინონ კომისიის მუშაობის შედეგები, ისინი რაღაც ახალ აღმოჩენილ გარემოებებზე გვესაუბრებიან, რაც აბსურდული პოლიტიკური მიზნებით გაკეთებულ განაცხადად გვეჩვენება. გავეცნობით, თუ რაიმე შესაბამის ინფორმაციას წარმოადგენენ. არავის მივცემთ უფლებას, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თემა პოლიტიკური ოპონენტების სამართლებრივი შევიწროვებისთვის და დევნისთვის გამოიყენოს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. პროკურატურა: უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად