სალომე სამადაშვილი: დავით ბაქრაძის მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა “ევროპულ საქართველოს” ძვირი დაუჯდება

“ნაციონალური მოძრაობის” ერთერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, დავით ბაქრაძის მხრიდან მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმა, “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარებს ძვირი დაუჯდებათ.

როგორც სალომე სამადაშვილმა “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხდა, მისი მხრიდან გამოთქმული საჯარო პოზიცია საერთო ოპოზიციურ მიზანს და პირადად, დავით ბაქრაძეს აზიანებს.

“მსგავსი განცხადებები ნამდვილად არ ეხმარება ამ ერთიანობას. ჩემთვის გაუგებარია, რატომ არ იფიქრა ბატონმა ბაქრაძემ, რომ მისი მხრიდან თავდასხმა მიხეილ სააკაშვილზე ძალიან ძვირი დაუჯდებათ მაჟორიტარ კანდიდატებს ევროპული საქართველოდან, სადაც მათ სჭირდებათ, მაგალითად თბილისში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩევლის მხარდაჭერა.

ასევე, ვფიქრობ, რომ ცოტათი გაუგებარი იქნება ამომრჩევლისთვის მსგავსი განცხადებები ადამიანისგან, რომელსაც საკონსტიტუციო უფლებამოსილებაც და ვალდებულებაც ჰქონდა აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლის, როცა ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო. გაუგებარია რატომ უნდა ენდოს ამომრჩეველი დავით ბაქრაძეს, თუ ის თავის დროზე ვერ ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას.

ეს განცხადება არის დამაზიანებელი, როგორც საერთო ოპოზიციური მიზნებისთვის, ასევე დამაზიანებელია პირადად დავით ბაქრაძისთვის”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ: “ევროპული საქართველოს” ლიდერმა დავით ბაქრაძემ გუშინ, “ღამის კურიერში” სტუმრობისას განაცხადა, რომ მისი პარტიისთვის მიუღებელი იქნება მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მომავალ მინისტრთა კაბინეტში, ან პრემიერის პოსტზე ყოფნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად