სალომე სამადაშვილი: აშშ-თან სტრატეგიულ კავშირს წინ ეღობება ოლიგარქიული რეჟიმი, რომელიც გააფრთხილეს გუშინ ვაშინგტონიდან

“სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელს ფაქტობრივად გამაფრთხილებელი საუბარი ჰქონდა პრემიერ-მინისტრთან, რომელიც შეეხება ქვეყანაში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებსა და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას”.

ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც გამოეხმაურა გიორგი გახარიასა და მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარს.

სალომე სამადაშვილის თქმით, ოქტომბრის არჩევნები იქნება გადამწყვეტი მომავალში საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობებისთვის.

“ასეთი გზავნილი აჩვენებს ერთ რამეს, სახელმწიფო დეპარტამენტმა დაიწყო უკვე იმ ანგარიშის მომზადება, რომელიც მოითხოვა მისგან აშშ-ის კონგრესმა, როცა დააწესა ფინანსური სანქცია საქართველოსთვის განკუთვნილ დახმარებაზე. სახელმწიფო დეპრატამენტმა საჭიროდ ჩათვალა,  „ქართული ოცნება“ და ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გაეფრთხილებინა იმ შედეგებზე, რაც მოჰყვება არჩევნების გაყალბებას, რადგან მათ ახსოვთ, როგორ ჩატარდა წინა არჩევნები ჩვენს ქვეყანაში.

მინდა, ყველას ესმოდეს, ვინც მონაწილეობს არჩევნების ჩატარებაში – საარჩევნო ადმინისტრაციას, „ქართული ოცნების“ აქტივს და სხვებს – ნუ შეასრულებთ უკანონო დავალებებს, რომელსაც მიიღებთ მოახლოებულ არჩევნებზე, რადგან ამის შედეგები იქნება ძალიან მძიმე და ამას ნიშნავს ის სახელმწიფო მდივნის მიერ პრემიერ გახარიასთვის მიცემული გაფრთხილება არჩევნებზე. ეს არჩევნები იქნება გადამწყვეტი ჩვენი და აშშ-ის სტრატეგიული ურთიერთობების მომავლისთვის. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით იმაში, რომ აშშ-თან ქვეყნის სტრატეგიულ კავშირს წინ ეღობება ოლიგარქიული პოლიტიკური რეჟიმი, რომელიც გააფრთხილეს გუშინ ვაშინგტონიდან, რომ უნდა მოემზადოს თავისუფალი არჩევნების გზით ხელისუფლების დატოვებისთვის“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი 27 ივლისს შედგა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამია, რომ სატელეფონო საუბარი გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს ხელმძღვანელობით ვაშინგტონში დაგეგმილი საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სესიის გადადებასთან დაკავშირებით, რისი მიზეზიც გახდა „კოვიდ-19“-ის პანდემია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად