სალომე სამადაშვილი: არ მჯერა, რომ გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური თამაში ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებელია

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი უნდა დაიწყოს. ეს კარგი საზომი იქნებოდა, რომ ის არ არის ვიღაცის თამაშის ნაწილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ განაცხადა.

ამით სამადაშვილმა უპასუხა გადაცემის წამყვანის კითხვას, რა იქნებოდა მისთვის ინდიკატორი, რომ გიორგი გახარია არ არის ვიღაცის თამაშის ნაწილი და ნამდვილად დამოუკიდებელ პოლიტიკურ თამაშში შემოდის.

სამადაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, გახარიას სახით შექმნას პროექტი „ქართული ოცნება 2“.

„ივანიშვილი თვითონ ხედავს, რომ „ქართული ოცნება 1“-ს ვარგისიანობის ვადა გაუვიდა და ახალი პოლიტიკური საყრდენი სჭირდება. ამ გადასახედიდან მეჩვენება, რომ გახარიას გადადგომა, მერე უცებ სოციალურ მედიაში უამრავი მოწონება და ა.შ. არის ახალი პოლიტიკური პლატფორმისთვის მომზადება. მე უბრალოდ არ მჯერა, რომ გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური თამაში ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებელია“, – განაცხადა სამადაშვილმა.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე, თუ მესამე რაუნდი შედგა, როგორ წარმოუდგენია გიორგი გახარიასთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან ყოფნა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ „ცხოვრებაში ყველაფერი ხდება“.

„2012 წელს, როცა წინა მოწვევის პარლამენტში ამირჩიეს, ვერ წარმოვიდგენდი, რომ 2020 წელს საპროტესტო აქციებზე ეკა ბესელია იდგებოდა ჩემი და ოპოზიციის სხვა წევრების გვერდით. ცხადია, ცხოვრებაში ბევრი უცნაური რამ ხდება, მაგრამ დღევანდელ დღეს რაც შეეხება, ის, რომ ოპოზიციის სკამები გახარიას ე.წ. გუნდის წევრებმა დაიკავეს, ვფიქრობ, თალაკვაძემ ამაზე ნიშნის მოგებით აღნიშნა, რომ თუ სკამები ცარიელი რჩება, მას ვინმე აუცილებლად დაიკავებსო. ამით ყველაფერი ნათქვამია ასე ვთქვათ, ამ ოპოზიციურ პროექტზე“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...