სალომე სამადაშვილი: ან დავამარცხებთ ოქტომბერში ივანიშვილის ავტოკრატულ რეჟიმს, ან ქვეყანას ელოდება საერთაშორისო იზოლაცია

პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით,  ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ აშშ-ის კონგრესმა დააწესა უკვე სანქცია ბიძინა ივანიშვილის კორუმპირებული და ავტოკრატული რეჟიმისთვის.

ამის შესახებ სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ აშშ- ის კონგრესის საბიუჯეტო კომიტეტმა შეაჩერა საქართველოსთვის იმ დახმარების გაცემა, რომელიც განკუთვნილი იყო ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე არ მოისმენს შეფასებებს სახელმწიფო დეპარტამენტი ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, რაც შეეხება კორუფციასა და დემოკრატიას.

“ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში და მსოფლიოში უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ივანიშვილის კორუმპირებული მმართველობა საფრთხეს უქმნის იმას, რაზეც ჩვენ ბევრად მეტად ვართ დამოკიდებული ვიდრე ოდესმე, დახმარებას დასავლეთიდან, დახმარებას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან. 30-წლიანი ურთიერთობის მანძილზე საქართველოსა და აშშ-ს შორის მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხშირად მოგვისმენია კრიტიკა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მეგობრებისგან და სტრატეგიული პარტნიორებისგან. მაგრამ დღეს უპრეცედენტო ნაბიჯს დგამს აშშ-ის კონგრესი, როდესაც ორივე პარტიის მხარდაჭერით აწესებს სანქციას ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებაში. ეს ხდება იმიტომ, რომ სრულიად უპრეცედენტო კორუფციის მასშტაბმა შეუძლებელი გახადა დახმარების მიტანა ადამიანებამდე. ანუ, კორუფციის ჭაა ჩვენს ქვეყანაში. ოქტომბერში ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი არჩევნების გზით, რაც არის ჩვენი სიკვდილ-სიცოხლისთვის ბრძოლის საქმე. ჩვენ ან დავამარცხებთ ოქტომბერში ივანიშვილის ავტოკრატულ რეჟიმს ან საქართველოს და თითოეულ მოქალაქეს ელოდება უკიდურესი სიღარიბე, გაჭირვება და ქვეყანას ელოდება საერთაშორისო იზოლაცია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად