სალომე სამადაშვილი: აბრაამ ლინკოლნის სიტყვებისთვის თუ მთხოვენ ბოდიშის მოხდას, ამაზე ბოდიშს არ მოვიხდი

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრაზე გაკეთებული შეფასების გამო, ბოდიშის მოხდას არ აპირებს.

როგორც სალომე სამადაშვილმა ტვ “პირველის” ეთერში განაცხადა, მისთვის გაუგებარია, რის გამო სთხოვენ ბოდიშს.

“ვერ გავიგე რისთვის მთხოვენ ბოდიშის მოხდას. აბრაამ ლინკოლნის სიტყვებისთვის თუ მთხოვენ ბოდიშის მოხდას, რომ ბრბოს მიერ განხორციელებული მართლმსაჯულება არის ცუდი საზოგადოებისთვის, ამაზე ბოდიშს არ მოვიხდი, იმიტომ, რომ მართლაც ცუდია და იღებს ძალიან უსიამოვნო ფორმებს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი ბარამიძემ საკუთარ თანაგუნდელებს – სალომე სამადაშვილსა და რომან გოცირიძეს მოუწოდა, ირაკლი ჩავლეიშვილისთვის ნაგვის დაყრაზე გაკეთებული შეფასებების გამო, მხარდამჭერებს ბოდიში მოუხადონ. მან აღნიშნა, რომ მხარდამჭერების უნამუსოებად, ლაჩრებად და ბრბოდ მოხსენიება კატეგორიულად მიუღებელია.

ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა Facebook-ის სკუთარ გვერდზე დაწერა, რომ “არ არსებობს არანაირი გარემოება, რომელიც ადამიანზე ძალადობას და მისი ღირსების შელახვას ამართლებს”. მანვე აღნიშნა, რომ “ადამიანზე უკნიდან მიპარვა და თავზე ნაგვის დაყრა არა გმირობა, არამედ ლაჩრობაა”. რაც შეეხება რომან გოცირიძეს, მან მომხდარს სამარცხვინო საქციელი უწოდა: “ძალადობა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, თუნდაც არასწორი გადაწყვეტილების გამო, რაგინდ მიუღებელიც არ უნდა იყოს იგი, არის ბოლშევიზმი”.

24 იანვარს, არასამთავრობო ორგანიზაციის „ალტერნატივა“ წევრმა ირაკლი ფანგანმა აჭარის უმაღლესი საბჭოს უპარტიო წევრს, ირაკლი ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა, რის გამოც სამართალდამცველებმა დააკავეს. ამ ფორმით მან ოპოზიციის სიით არჩეული დეპუტატის აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლა გააპროტესტა. ფანგანი 25 იანვარს გაათავისუფლეს, საქმეზე სასამართლო სხდომა კი 26 იანვარს არის ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად