სალია: კვესიტაძე და ჟორჟოლიანი ხელფასებს აიღებენ, მელაძისა და გაბუნიას საკითხი გასარკვევია

ეკა კვესიტაძე და ნანუკა ჟორჟოლიანი ხელფასებს აიღებენ, მაგრამ მიიღებენ თუ არა ხელფასებს ნოდარ მელაძე და გიორგი გაბუნია, ეს გასარკვევია, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ აღნიშნულ თემაზე საუბრისას “რადიო თავისუფლებასთან” საუბრისას განაცხადა.

“ეკა კვესიტაძის სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება დაწერილი ჯერ არ არის და ეკა კვესიტაძე მის კუთვნილ ხელფასს მიიღებს, როდესაც ის შვებულებიდან დაბრუნდება და საბოლოო ანგარიშწორება მოხდება. ასევე ხელფასს მიიღებს ნანუკა ჟორჟოლიანიც.

სიმართლე არ არის, რომ რამდენიმე ადამიანს არ აქვს ხელფასი აღებული, ბევრი ადამიანია, ვისაც ხელფასი არ აუღია, კომპანიაში არსებული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით. საკმარისი თანხები არ იყო. მე მათ ვუთხარი, რომ ხელფასებს მიიღებენ, ხელფასებით მანიპულირებას არ ვაპირებ“, – ამბობს პაატა სალია.

მისი თქმით, ჯერ გასარკვევია მიიღებენ თუ არა ხელფასებს ნოდარ მელაძე და გიორგი გაბუნია.

“ამ ადამიანებს, შეიძლება კომპანიის მიმართ ჰქონდეთ ფინანსური ვალდებულება, რასთან დაკავშირებითაც სამოქალაქო დავის დაწყებას გეგმავს კომპანიის მენეჯმენტი.

ეს უკვე კომპანიის უფლებამოსილებაა შეუჩეროს დროებით ხელფასები და იდაოს. თუმცა, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ გვაქვს მიღებული. შეიძლება მივცეთ ხელფასები და ისე ვიდაოთ. საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ვისაც ეკუთვნის ხელფასი აუცილებლად მიიღებს, არავის არ აქვს დისკრიმინალური განწყობები“,- აცხადებს პაატა სალია.

შეგახსენებთ, ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ დღეს სახალხო დამცველის ანტი-დისკრიმინაციულ მექანიზმში საჩივარი წარადგინა, რომლითაც მისი საქმის შესწავლას და დისკრიმინაციის ფაქტის დადგენას ითხოვს. მის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.

“მიუხედავად იმისა, რომ ეკა კვესიტაძესთან ამ დრომდე ,,რუსთავი 2“-ს შრომითი ხელშეკრულება არ შეუწყვეტია, მას  დაუსაბუთებლად ეზღუდება კუთვნილი ხელფასის მიღება”, – აღნიშნულია საიას განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად