“საკრებულოს წევრს კითხეთ სოსანაშვილზე, დედამისზე მეტად იცის ყველაფერი”

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოს რწმუნებული მარეხ ყამბეგაშვილმა „აიპრესთან“ აცხადებს, რომ იური ვაზაგაშვილის აფეთქებაში ბრალდებული გია სოსანაშვილი, სოფელ საკორინთლოში ხშირად არ დადიოდა. თუმცა, მის შესახებ ყველაფერი იცის კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ვახტანგ საჩალელმა.

„სოფელში ძალიან ხშირად არ დადიოდა. ეგ უფრო ურთიერთობდა ჩვენი სოფლის დეპუტატთან ვახტანგ საჩალელთან. ისინი ერთად ნადირობდნენ. მაგათ ჰქონდათ უშუალო კავშირი. რამდენჯერ მოდიოდა, როგორ მოდიოდა, როდის მოდიოდა, ალბათ, საჩალელმა უფრო იცოდა, ვიდრე დედამისმა. სოსანაშვილის დაკავების შემდეგ ტელეფონი აქვს გამორთული და ვერ დაუკავშირდებით.“ – გვითხრა ყამბეგაშვილმა.

 სოსანაშვილის ადვოკატი სოსო ჯოგლიძე "აიპრესთან" აცხადებს, რომ 20 იანვარს სოსანაშვილი იმყოფებოდა კასპის რაიონის ერთ-ერთ სასადილოში, სადაც დაურეკეს და ისე გაიგო იური ვაზაგაშვილის აფეთქების შესახებ.

 "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 20 იანვარს იმყოფებოდა კასპში ერთ-ერთ სასადილოში საკონსერვო ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე. იქ დაურეკეს და უთხრეს იური ვაზაგაშვილის აფეთქების შესახებ. თვითონ მითხრა, დამირეკაო კასპის გამგებლის მოადგილემ, მოვალეობის შემსრულებელმა თუ რწმუნებულმა, კარგად არ მახსოვს, ქალბატონია, აი გახმაურებული ამბავია, ოლეგ იაძესთან რომ ჰქონდა დაპირისპირება "ტატამია ტატამი" რომ იყო, აი იმ ქალმა დაურეკა" – განაცხადა სოსო ჯოგლიძემ. 

დაურეკა თუ არა 20 იანვარს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ საკორინთლოს რწმუნებულმა მარეხ ყამბეგაშვილმა  გია სოსანაშვილს, ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად "აიპრესი"  მარეხ ყამბეგაშვილს დაუკავშირდა.

 – ქალბატონო მარეხ, გია სოსანაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ 20 იანვარს თქვენ დაუკავშირდით სოსანაშვილს და უთხარით, იური ვაზაგაშვილი ააფეთქესო. სწორია ეს ინფორმაცია? 

– უიმე, რას მელაპარაკებით. არა! მაგას რატომ დავურეკავდი?! თვითონ დამირეკა, პრეტენზიები ჰქონდა. ის ვეტარანი იყო, ნაბრძოლი და გაუგია,  თითქოს ჩვენთან დამატებით, ვეტერანებზე რიგდებოდა შეშის თანხები და ამაზე ჰქონდა პრეტენზია, შენ მე გამომტოვეო.

თვითონ დამირეკა გია სოსანაშვილმა. 2-ჯერ დამირეკა, შემდეგ იქიდან საღამოს სახლში   ამოიარა ჩემთან, ნასვამი იყო. ოღონდ, მე-2 დღეს მოხდა აფეთქება.

მე ვუთხარი, რომ კასპის ვეტერანთა სამსახურიდან არანაირი დავალება ცალკე ვეტერანებისთვის რამე  შეღავათის  ან თანხის გაცემაზე არ ყოფილა. მითხრა, წავალ შიხიაშვილთანო… მე პრობლემები მაქვსო, 100 ლარს ვიღებ ხელფასს, დანარჩენს  ფაქტიურად ალიმენტში ვიხდიო. მე ვუთხარი, სადაც გინდა იქ იჩივლე. ზუსტად მე-2 დღეს მე მივდიოდი კასპში. იქ არის გოჩა კობაური, ვეტერანების სამსახურის უფროსი. მას ვუთხარი, რომ თქვენს მიმართ სოსანაშვილს აქვს პრეტენზიები. არაფერი მსგავსი ყოფილა, სადაც უნდა იქ იჩივლოსო. ამით მორჩა ყველაფერი. კასპში ვიყავი, როცა  ჟურნალისტებმა დამირეკეს და მითხრეს, აფეთქება მოხდაო. 

ყოველ შემთხვევაში, შეიძლება მე მას წინა დღეს დავურეკე, რადგან გორში უნდა ყოფილიყო ვეტერანებთან შეხვედრა.  დავურეკე და ვუთხარი, რომ კასპის ვეტერანები იკრიბებოდნენ სააკაძის ძეგლთან, იქიდან ტრანსპორტით უზრუნველყოფდნენ და წიყვანდნენ გორში.

აფეთქების შემდეგ მე მასთან კონტაქტი არ მქონია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად