საკრებულოს თავმჯდომარე ჭორიკანა, უნიათო და პატარა კაცუნაა – დაპირისპირება ფოთის საკრებულოში

ფოთში, საკრებულოს სხდომაზე მერის ანგარიშის მოსმენამ, ხმაური და დაპირისპირება გამოიწვია. საკრებულოს თავმჯდომარესა და ოპოზიციონერ ვახტანგ დარცმელიძეს შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა, სხდომის მიმდინარეობის რამდენჯერმე შეჩერების მიზეზი გახდა.

ოპოზიციამ, უხარისხოდ შესრულებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, სამედიცინო სფეროში არსებულ პრობლემებზე, სოციალურ და ეკოლოგიურ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.მათ მმართველი გუნდი არაპროფესიონალიზმში და კორუფციაში დაადანაშაულეს.

„მერის ეს ანგარიში არ არის დამაკმაყოფილებელი. მის გამოსვლას მოვუსმინე და მივხვდი, რომ ის ცხოვრობს სულ სხვა რეალობაში და სულ სხვა ფოთში. გაჩრებული ინფრასტრუქტურული პროექტები, გაფლანგული საბიუჯეტო თანხები, სასამართლო დავები, რომლებიც ჩვენს ქალაქს აქვს ამ ხელისუფლების პირობებში, ეს თურმე არაფერია და ჩვეულებრივია. ანგარიში ისე წარადგინა, თითქოს იდეალურად იყოს აქ ყველაფერი. რაც შეეხება ჩემსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის მომხდარ დაპირისპირებას, ირაკლი კაკულიას ჰგონია , რომ სულ პირადი ინტერესის გამო ვაკრიტიკებ ,ის რაც ქალაქში ახლა ხდება ყველაფერი მისი მერობის პერიოდშია ჩადენილი. სწორედ მისი მერობის პერიოდში დაიწყო და შეჩერდა არაერთი მშენებლობა, თანხები გაიფლანგა. ის არის მატყუარა, ჭორიკანა, უნიათო და პატარა კაცუნა,“- აცხადებს საკრებულოს წევრი “ევროპული საქართველოდან” ვახტანგ დარცმელიძე.

საკრებულოს თავმჯდომარემ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

ქალაქის მერმა, გოჩა კურდღელიამ ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა.

„ოპოზიციამ სავსევით არასწორი და არარეალური შეფასებები გააკეთა. ისინი პირად ამბიციებიდან გამომდინარე აკეთებენ ასეთ განცხადებებს, არა სამართლიან ფაქტებზე დაყრდნობით. ქალაქში ყველა მიმდინარე სამუშაო კონტროლდება მაქსიმალურად, ჩართულია რამდენიმე შესაბამისი ორგანიზაცია. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ არსებული პრობლემები მოგვარდეს“_ განაცხადა გოჩა კურდღელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...