საკონსულტაციო პლატფორმა ხელისუფლებას: არეულობისა და დაპირისპირების უფლებას არ მოგცემთ!

საკონსულტაციო პლატფორმა, რომლის შემადგენლობაშიც “ლელო”, “შენების მოძრაობა” და “ახალი მემარჯვენეები” შედიან გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ხელისუფლების მიერ მართული აგრესიული ჯგუფების ძალადობის მიზანი საზოგადოებაში არსებული პროტესტის ჩახშობა და დასჯაა.

გუშინ, თბილისსა და მცხეთაში, ხოლო გუშინწინ  – ქუთაისში განვითარებული მოვლენები ადასტურებს, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ნაცვლად, ხელისუფლება აორგანიზებს და ახალისებს ძალადობას. ნათელია, რომ ეს მოვლენები არის არა მოქალაქეთა ჯგუფებს შორის განხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო გაჩენილი დაპირისპირება, არამედ ხელისუფლების მიერ მართული აგრესიული ჯგუფების ძალადობა, რომლის მიზანიც საზოგადოებაში არსებული პროტესტის ჩახშობა და დასჯაა. ამასთან, გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა ის სავალალო რეალობა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცემულია მმართველი პარტიის მიერ: ადგილზე მყოფი პოლიციელები დანაშაულებრივ ფაქტებზე რეაგირების ნაცვლად, თავიანთი უმოქმედობით, ხელს უწყობდნენ ძალადობას.

ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტია და მისი ლიდერი იქცნენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის წყაროდ. მათი მართვის სტილმა ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანა. ახლაკი იმისთვისაც მზად არიან, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ძალადობას გაუხსნან გზა.

მივმართავთ ხელისუფლებას: არ მოგცემთ უფლებას, ჩაითრიოთ ქვეყანა არეულობასა და დაპირისპირებაში. საქართველოს მოქალაქეებს კარგად გვახსოვს სამოქალაქო შუღლის და ერთმანეთის მიუღებლობის უმძესი ისტორიები ახლო წარსულიდან, რაც ჯერ კიდევ მოუშუშებელ იარად ატყვია ჩვენს ცნობიერებას და სახელმწიფოს.  მძიმე წარსულმა თუ რამე გვასწავლა ისაა, რომ  პოლიტიკური განსხვავებები, რაც არ უნდა მწვავე იყოს ის, უნდა წყდებოდეს პოლიტიკური პროცესით და არა ძალადობით და იმიტირებული კონტრ-აქციებით.

საზოგადოება დაიღალა სიძულვილით, შიშით, დაპირისპირებებით. ის მზადაა განახლებისთვის, მას სჭირდება გონიერი, პასუხისმგებლიანი, ქვეყანაზე და არა საკუთარ ძალაუფლებაზე ორიენტირებული ხელისუფლება, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეუქმნის ღირსეული, სტაბილური ცხოვრების და განვითარების გარანტიებს. მმართველი პარტია ვალდებულია, უზრუნველყოს ხელისუფლების ცვლილება სამართლიანი საარჩენო სისტემით არჩევნებით, რომელიც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, გაარღვიოს ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი და დაიწყოს სრულიად ახალი, ჯანსაღი, მრავალპარტიული პოლიტიკური ცხოვრება.

მოვუწოდებთ ძალოვან უწყებებს: იმოქმედონ კონსტიტუციის და არა დაკვეთების შესაბამისად, მაქსიმალუად უზრუნველყონ საპორტესტო აქციების მშვიდობიანი ხასიათი, სასწრაფოდ მოხდეს ძალადობაში მონაწილე ყველა პირის იდენტიფიცირება და მიეცეს თითოეული მათგანი პასუხისგებაში, მოვუწოდებთ სამოქალაქო აქტივისტებს და ახალგაზრდებს – მაქსიმალურად გამოიჩინონ სიფხიზლე და არ დაუშვან დაპირისპირებაში შესვლა მოძალადე ჯგუფებთან და არ წამოეგონ პროვოკაციებს; მკაცრად ვაფრთხილებთ ხელისუფლებას – მან წამოიწყო ძალიან სახიფათო თამაში, რომელიც ძვირად დაუჯდება მმართველ ძალას და რაც ჩვენთვის ასმაგად შემაშფოთებელია – ქვეყანას. ამიტომ, მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, მოვიდნენ გონს, სამოქალაქო დაპირისპირებების ყველა შესაძლო შედეგზე სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება „ქართულ ოცნებას“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად