საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი ვენეციის კომისიას მომავალ კვირას გადაეგზავნება

საკონსტიტუციო კომისიამ დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტის ინიცირება პარლამენტში მომდევნო კვირას იგეგმება. აღნიშნული პროექტი მომდევნო კვირასვე გადაეგზავნება ვენეციის კომისიას, რომელიც 1 თვეში მოამზადებს დასკვნას.

პარლამენტში დოკუმენტის ინიცირების შემდეგ პლენარულ სხდომაზე ჩამოყალიბდება საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისია. ამ კომისიის ფორმირების შემდეგ კი უკვე დაიწყება შეხვედრები რეგიონებში.

„ჩვენ გავალთ რეგიონებში და საზოგადოებას მივაწვდით სრულფასოვან ინფორმაციას კონსტიტუციასთან დაკავშირებით. დღემდე საზოგადოებას მიეწოდებოდა მხოლოდ დამახინჯებული ინფორმაცია, იმ ცვლილებების თაობაზე, რომლებიც შედის კონსტიტუციაში. ჩვენი ამოცანაა, საზოგადოება სწორად ჩავაყენოთ საქმის კურსში და ამას აუცილებლად გავაკეთებთ სხვადასხვა ფორმით საყოველთაო განხილვის ფორმატში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საყოველთაო განხილვა მაისის ბოლოს დასრულდება და დაიწყება საპარლამენტო განხილვები.

„პარლამენტი ივნისის თვის განმავლობაში 2 მოსმენით გეგმავს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრას“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, სანამ პარლამენტი პირველი და მეორე მოსმენით მიიღებს პროექტს, ვენეციის საბოლოო დასკვნა უკვე მომზადებული იქნება.

„15 ივნისისთვის ვენეციის კომისია გეგმავს უკვე თავის პლენარულ სხდომაზე საბოლოო დასკვნის დამტკიცებას. ვიდრე ჩვენ მივიღებ პაკეტს პირველი და მეორე მოსმენით, მანამდე გვექნება ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა. ყველა შენიშვნა, რომელიც იქნება გამოთქმული ვენეციის კომისიის მხრიდან, იქნება ბოლომდე გაზიარებული და ასახული პროექტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს მესამე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე უყრიან კენჭს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად