საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილი აირჩიეს

საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, უზენაესი სასამართლოს მოასამართლე ვასილ როინიშვილი აირჩია

ვასილ როინიშვილს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 21 წევრიდან 18-მა დაუჭირა მხარი, ორი წინააღმდეგი იყო, ერთმა თავი შეიკავა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 9 მოსამართლისაგან – საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისაგან, რომელთაგან აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი. საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირებაში მონაწილეობს საქართველოს სამი უმაღლესი სახელმწიფო ორგანო – საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ წევრს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა 10 წელია. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი თავისი მოვალეობების განხორციელებისას დამოუკიდებელია. იგი ფაქტობრივ გარემოებებს აფასებს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. დაუშვებელია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის საქმიანობაში ჩარევა. კონსტიტუციით უზრუნველყოფილია საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ხელშეუხებლობა. კანონმდებლობით გათვალისწინებულია სასამართლოს წევრის დამოუკიდებელი საქმიანობის უზრუნველყოფის სხვა გარანტიები.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცოტა 3 წევრს მისი, როგორც სასამართლოს თავმჯდომარის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად