საკონსტიტუციო სასამართლოში “ტელეკომპანია საქართველოს” სარჩელის განხილვა ხვალ განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლოში "ტელეკომპანია საქართველოს"  სარჩელის განხილვა ხვალ დილის 11:00 საათზე განახლდება, – ამის შესახებ  ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს. 

მთელი დღის განმავლობაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობდა განმწესრიგებელი სხდომა, ზეპირი მოსმენით, „შპს ტელეკომპანია საქართველოს“ კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად (სარჩელის რეგისტრაციის N681). აღნიშნულ საქმეზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენს საქართველოს პარლამენტი.

მომსამართლეებმა პარლამენტის მიერ დაყენებულ სამივე შუამდგომლობაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც დაიწყო შეკითხვები მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებთან. 

შეგახსენებთ, მოსარჩელე ითხოვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის, 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის პირველი წინადადების არაკონსტიტუციურად ცნობას საქართველოს კონსტიტუციის 21-ე, 24-ე მუხლებთან და 42-ე მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან მიმართებით. 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი ითვალისწინებს სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლოს იმ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის შესაძლებლობას, რომელიც არ არის გადაცემული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლიის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს სამოქალაქო საქმის განმხილველი სასამართლოს უფლებამოსილებას, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით დაავალდებულოს მოპასუხე მის მფლობელობაში არსებული ნივთი გადასცეს აღმასრულებელს სეკვესტრის (ქონების იძულებითი მართვა) სახით, ხოლო მე-3 ნაწილის პირველი წინადადება კი განსაზრღვრავს, რომ გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილში ჩამოთვლილი ღონისძიებებისა, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სარჩელის უზრუნველყოფის სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის. 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ სადავო ნორმები ბუნდოვანია და არ აკმაყოფილებს კანონის განსაზღვრულობის პრინციპს. მათ საფუძველზე შეიძლება გამოყენებული იქნეს ისეთი უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის არც სახე, არც ინტენსივობა და არც შინაარსი კანონით პირდაპირ არ არის განსაზღვრული. მათ შორის, სადავო ნორმები ქმნის შესაძლებლობას მოსამართლემ მესაკუთრეს ჩამოართვას ქონებაზე მფლობელობა დავის დასრულებამდე, ისე რომ ჯერ კიდევ ძალაში არ იყოს შესულა სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების მოქმედებით ირღვევა საქართველოს კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება, გამოხატვის თავისუფლება და სამართლიანი სასამართლოს უფლება. 

N681 კონსტიტუციურ სარჩელს განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია. საქმის განხილვაში მონაწილეობენ მოსარჩელის, „შპს ტელეკომპანია საქართველოს“ წარმომადგენლები თამთა მურადაშვილი და დიმიტრი საძაგლიშვილი და მოპასუხის, საქართველოს პარლამენტის წარმომადგენელი თამარ მესხია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...