საკითხები, რომლებიც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უნდა განხილულიყო, საშემოდგომო სესიისთვის გადაიწევს

საკითხები, რომლებიც პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე უნდა განხილულიყო, საშემოდგომო სესიისთვის გადაიწევს.

“ვფიქრობ, საკმაოდ სერიოზული პროცესი მიმდინარეობს, რომელიც მოსამართლეების შერჩევას უკავშირდება. არის სხვა საკმაოდ საინტერესო საკითხებიც, რომელიც პარლამენტმა არა პოლიტიკურად მიძინებულ აგვისტოს თვეში, არამედ სექტემბრის თვეში უნდა განიხილოს, რათა საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა მოხდეს”.

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ცნობილია, ივლისის ბოლო რიცხვებში, პარლამენტის რიგგარეშე სხდომების მოწვევა იგეგმება.

რიგგარეშე სხდომაზე განსახილველი ერთერთი საკითხი საკონსტიტუციო ცვლილებების განმხილველი საყოველთაო-სახალხო კომისიის შექმნა იქნება, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ნულოვანი ბარიერის პირობებში პროპორციული სისტემის ამოქმედებასა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე უნდა იმსჯელოს.

პარლამენტმა საგაზაფხულო სესია ივნისის ბოლოს დახურა, თუმცა დეპუტატები საქმიანობას საკომიტეტო ფორმატში აგრძელებენ.

რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს გაიხსნება.

პარლამენტმა რიგგარეშე სხდომების მოწვევის მიზნით, პრეზიდენტს უნდა მიმართოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...