“სახლში ყოფნას ტრაგედიად ნუ ვაქცევთ, ხანდახან ესეც გვაკლია” – ინტერვიუ ნათია ფანჯიკიძესთან

მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშეა – როგორ დავამარცხოთ კორონავირუსი, რომელიც უკვე მთელ მსოფლიოს მოედო და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ის პანდემიად გამოაცხადა. ჰიგიენის ნორმების დაცვასთან ერთად სპეციალისტების მთავარი რეკომენდაციაა, რომ ადამიანები დარჩნენ სახლში, აუცილებლობის გარეშე არ იარონ გარეთ და არავითარ შემთხვევაში არ მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა თავყრილობებში. რის გამოც ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩაიშალა, ან გადაიდო.

იმ ფონზე, როდესაც თითქმის ყველას მოგვიწია გარკვეული იზოლაციის წესებთან შეგუება, რა უნდა გავაკეთოთ და რით უნდა დავკავდეთ, რათა ეს არ გადაიზარდოს მენტალურ ან ფსიქოლოგიურ პრობლემებში? – ამ საკითხებთან დაკავშირებით „აიპრესთან“ ინტერვიუში ფსიქო-სოციალური დახმარების ცენტრ „კამარას“ დამფუძნებელი, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე საუბრობს.

_ ახლა როდესაც კორონავირუსის გამო ნაწილობრივ საგანგებო მდგომარეობაში ვიმყოფებით და რეკომენდაციაა, რომ დავრჩეთ სახლში, როგორ უნდა მოვიქცეთ, რათა ეს კარჩეკიტოლობა თუ იზოლაცია არ გადაგვეზარდოს მენტალურ ან ფსიქოლოგიურ პრობლემებში?

_ საბედნიეროდ სრული კარჩაკეტილობა არ გამოვა. იმიტომ, რომ ხანდახან მაინც უწევთ ადამიანებს გარეთ გასვლა, თუნდაც რაღაცის საყიდლად. მენტალური პრობლემა მარტივად შეიძლება იყოს თავიდან არიდებული. სახლში ძალიან ბევრი გასართობია და არა მხოლოდ სოციალურ ქსელები. არსებობს წიგნები, ფილმები და რაც მთავარია სახლშიც შეიძლება ფიზიკურად იაქტიურო, რაღაცა აკეთო და მხოლოდ მიწოლილი არ იყო.

სტრესი თავისთავად ძლიერდება, როდესაც გამოკეტილია ადამიანი და მთელი მსოფლიო კონცენტრირებულია ერთ თემაზე, აქედან გამომდინარე ყველგან ერთი თემის გარშემო გიწევს ფოკუსირება, ეს უფრო ზრდის სტრესს, მაგრამ ასეც ნუ შევშინდებით, რომ ამ მდგომარეობიდან ფსიქიკური დაავადებით გამოვალთ.

_ შიში, როგორ უნდა დავძლიოთ, როდესაც პანიკის გამოვლინების მაგალითები ვნახეთ, მაგალითად მაღაზიებზე მიწყდომა და ა. შ. ამის დაძლევა როგორ არის შესაძლებელი?

_ შიშის სრულად დაძლევა ადამიანს სიფრთხილეს აკარგვინებს და ესეც არ შეიძლება. გონივრული სიფრთხილე უნდა დავიტოვოთ, რადგან გვაფრთხილებს მთელი მსოფლიო, გვაფრთხილებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და არ გვაქვს საფუძველი რომ მათ არ ვენდოთ. მთავარია შიში არ გადაიზარდოს პანიკაში, რადგანაც პანიკა არის სტრესი, სტრესი კი პირველ რიგში ნერვულ სისტემას ვნებს, შემდეგ კი ნერვული სისტემა ასუსტებს იმუნურ სისტემას. ამიტომ სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა სასურველი არ არის, მაგრამ არც ის, რომ მთლიანად დავკარგოთ სიფრთხილე და მთლიანად ავირიდოთ. არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ავისხლიტოთ ის რეკომენდაციები, რასაც გვაძლევენ.

_ მაღაზიებზე მიწყდომას რა ახსნა აქვს?

_ რაც შეეხება საკვების ყიდვას, საკვების შეძენაზე უფრო მთავარი ჩვენი პრობლემა არის ის, რომ ქართველებს ყველაფერზე ზედმეტი რეაქცია გვაქვს, ყველა წვრილმანზე გვახასიათებს ზედმეტი რეაქცია. თუკი ადამიანი მიდის თვითიზოლაციაში 2 კვირით, ცხადია მას მოუწევს რაღაცის მომარაგება. თუ ადამიანი არ მიდის იზოლაციაში, რასაკვირველია მას შეუძლია რომ არ დაიმარაგოს და უფრო ხშირად შეიაროს მაღაზიაში.

ამდენად ჩვენი რეაქციებით უფრო ვწევთ ხოლმე ემოციურ ფონს, ვიდრე რეალურად არის. საკვების დეფიციტი ჯერ არ შექმნილა. მე მგონი ამდენი უმუშევრობით უფრო შეექმნებათ ადამიანებს ეკონომიკური პრობლემა. იმედია, რომ ესეც მალე იქნება დაძლეული.

_ აგრესიაც ხომ არ არის მოზღვავებული? ხომ არ დაინახეთ ეს, თუნდაც სამოქალაქო პასუხისმგებლობის კონტექსტში, ვინც არღვევს თვითიზოლაციის წესებს? ესეც გასაგებია, რომ უნდა შევახსენოთ დამრღვევებს, მაგრამ ზღვარს ხომ არ გადავდივართ?

_ ცოტა ზედმეტად კი არა, ძალიან ზედმეტად აგრესიულები როდის და რომელ საკითხზე არ ვყოფილვართ?! რაზე არ ჰქონია ჩვენს საზოგადოებას გადაჭარბებული რეაქცია ზოგიერთ იმ ადამიანს, რომლებსაც ახასიათებთ გადაჭარბებული რეაქცია. ამიტომ რაღაც განსაკუთრებულ განსხვავებას ვერ ვხედავ. ყველა მიზეზით ვიღაც მაინც პოულობს საბაბს, რომ ჰქონდეს იმაზე ჭარბი ბრაზი, ვიდრე სასურველი იქნებოდა.

ბევრად უფრო უმნიშვნელო მოვლენებზეც კი, რომელიც საერთოდ არ იმსახურებს ყურადღებას, იქაც კი არის ხოლმე ჭარბი რეაქციები. როდესაც საკუთარი სიცოცხლის გადარჩენას ხედავენ ვიღაცის ქუჩაში გასვლით, ამაზე ბრაზი რომ გამოხატონ, ეს სულ აღარ მიკვირს.

_ ერთია ის, რომ ზრდასრულ ადამიანებს უფრო მეტად გაცნობიერებული გვაქვს ეს ვითარება, ხოლო მეორეა ბავშვები. მათთვის ნაწილობრივი იზოლაციის პირობებში მოხვედრა კიდევ უფრო რთულია და როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს მათთან, რომ ეს ნაკლებად ტრავმული იყოს?

_ გააჩნია რა ასაკის ბავშვზე ვსაუბრობთ. თუკი ბავშვი პატარაა, მაშინ მეტად ვითამაშოთ მასთან, ჩვენც დავტკბეთ ამ შესაძლებლობით, რომ რადგანაც სამსახურში არ ვართ, ბავშვებთან საურთიერთოდ მეტი დრო გვაქვს. ცოტა უფრო მოზრდილ ბავშვებს უამრავი რამით შეუძლიათ გაირთონ თავი.

ცხადია ნაკლები ენერგია ეხარჯებათ და რთულია ყველაფერი ის, რაც ნებაყოფლობით არ ხდება, შესაბამისად ძნელია თავი შეიკავო, მაგრამ ნუ ვაქცევთ ტრაგედიად, გამოვიყენოთ ის შესაძლებლობები, რაც სახლში ყოფნას აქვს და ხანდახან კიდეც გვაკლია ხოლმე.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად