სახლიდან გასული და უგზო-უკვლოდ დაკარგული 10 წლის შემდეგ სამსახურში გარდაცვლილი იპოვნეს 

აიოვას შტატში, ქალაქ კანსილ-ბლაფსის ერთ-ერთ მარკეტში, მუშებმა ნეშტი იპოვნეს.

მარკეტი 2016 წლიდან მიტოვებული იყო და არ ფუნქციონირებდა, ნეშტი მუშებმა ამა წლის იანვარში, საწყობის დალაგების დროს იპოვნეს.

ჩატარებული გამოძიების შედეგად უტყუარად დადგინდა, რომ ნეშტი 2009 წლის 28 ნოემბერს სახლიდან გასულ, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობილ ლარი მურილო-მონკადის ეკუთვნოდა.

ქალაქ კანსილ-ბლაფსის პოლიციის კაპიტანი ტოდ ვედუმი ამბობს, რომ ლარის დაკარგვის შესახებ მშობლებმა დაუყოვნებლივ განაცხადეს. მათ დამატებით ისიც აცნობეს პოლიციას, რომ ის სახლიდან გასვლის წინ, შესაძლოა, წამლების მიღების გამო, არარაციონალურად იქცეოდა.

პოლიციის მიერ იმ დროს ჩატარებული ძიება უშედეგო აღმოჩნდა. მხოლოდ ის გაირკვა, რომ ლარი ადრე დეპორტირებული იყო ჰონდურასში, შემდეგ დაბრუნდა უკან, მარკეტში მუშაობდა და 28 ნოემბრის შემდეგ მისთვის თვალიც კი არ ჰქონდათ მოკრული არც ნაცნობებს და არც ნათესავებს.

იანვარში მიტოვებულ მარკეტში ნეშტის პოვნის შემდეგ პოლიციამ ძველი ამბავი გაიხსენა, დაკარგულის ტანსაცმლის აღწერა ნეშტზე შემორჩენილს შეადარა და შემდეგ ლარის მშობლების და ნეშტის დნმ-ის კვლევისთვის და ურთიერთშედარებისთვის ლაბორატორიას მიმართა.

საბოლოოდ, ყველა მონაცემების ურთიერთშეჯერებით, პოლიციამ დაასკვნა, რომ სახლიდან ლარი სამსახურში წავიდა, საწყობში შევიდა და იქ არსებული მაცივრების თავზე, სადაც თანამშრომლები არაოფიციალური შესვენების დროს, მოხერხებულად და სხვების თვალს მოფარებულად ჩამოჯდებოდნენ ხოლმე, განმარტოვდა, შემდეგ კი ის, შემთხვევით, მაცივრებს და კედელ შორის არსებულ ვიწრო 45 სმ-დე ხვრელში ჩავარდა.

ვიწრო ხვრელიდან დამოუკიდებლად ამოსვლა ლარიმ ვერ შეძლო, მაცივრების კომპრესორების ქულერების ხმაურში საშველად მოხმობის ხმა თანამშრომლებმა ვერ გაიგონეს და 25 წლის ლარი მორილო-მონკადი უმწეო მდგომარეობაში მყოფი გარდაიცვალა.

ექსპერტიზამ ნეშტზე ძალადობის კვალი ვერ აღმოაჩინა, პოლიციამ მოხდარს უბედური შემთხვევის კვალიფიკაცია მიანიჭა და საქმე დახურა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...