სახელმწიფო მინისტრის აპარატი განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო მინისტრის აპარატი ცხინვალში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, გამოთქვამს ღრმა შეშფოთებას ცხინვალის რეგიონში არსებულ უკიდურესად მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან, სიცოცხლის უფლების ხელყოფის ჩათვლით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებთან და ბოლოდროინდელ საგანგაშო განვითარებებთან დაკავშირებით.

28 აგვისტოს, სწორედ ამგვარ დანაშაულებრივ ქმედებებს კიდევ ერთი ახალგაზრდის -ინალ ჯაბიევის სიცოცხლე შეეწირა, რაც ნათლად ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში მიმდინარე ოკუპაციის და იმის შედეგად, რომ უკანასკნელი წლების მანძილზე არაერთ ტრაგიკულ შემთხვევაზე რეჟიმს დღემდე პასუხი არ უგია, სულ უფრო რთულდება ადგილობრივი მაცხოვრებლების უსაფრთხოების და უფლებრივი მდგომარეობა.

საქართველოს ხელისუფლება განაგრძობს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენებით ძალისხმევას, რათა მოსახლეობას მიეცეს უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა.

ამასთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი მოუწოდებს საერთაშორისო პარტნიორებს განაგრძონ ზეწოლა საოკუპაციო რეჟიმზე, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეწყდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...