სახელმწიფო “კორტების სპეცოპერაციის“ დროს დაღუპულ ალექსანდრე ხუბულოვის ოჯახს ზიანს და ყოველთვიურ სარჩოს გადაუხდის

2021 წლის 30 მარტის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო 2006 წელს, ე.წ. „კორტების სპეცოპერაციის“ შედეგად დაღუპული ალექსანდრე ხუბულოვის ოჯახს, მორალურ და მატერიალურ ზიანს აუნაზღაურებს, ხოლო სრულწლოვანებამდე მარჩენალდაკარგულ ორ მოზარდს მიუღებელ სარჩოს და ყოველთვიურ სარჩოს გადაუხდის.

ალექსანდრე ხუბულოვის ოჯახის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მთლიანობაში, სახელმწიფოს 50,000 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებაშია ნათქვამი, რომელმაც ქართულ სასამართლოში სისტემური დანაშაულის საქმეზე დაზარალებული ოჯახის საუკეთესო ინტერესების წარმოადგინა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ორი გარემოებითაა საყურადღებო – კიდევ ერთხელ დადასტურდა ა) წინა ხელისუფლების პირობებში სიცოცხლის უფლების მოსპობით სისტემური დანაშაული და ბ) აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოცხადდა ევროსასამართლოს მიერ 2019 წლის 18 ივლისს საქმეზე: „ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ“ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ, სადაც ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) დარღვევას. კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, 2006 წლის 2 მაისს, ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, პოლიციის მიერ გამოყენებული ძალა, რამაც ალექსანდრე ხუბულოვთან ერთად, ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობა გამოიწვია, არც პროპორციული და არც აუცილებელი იყო. ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ვაზაგაშვილების ოჯახის სასარგებლოდ, კომპენსაციის სახით, 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.

 

რაც შეეხება ალექსანდრე ხუბულოვის საქმეს, ქართულ სასამართლოში, მოპასუხე: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, სარჩელი ალექსანდრე ხუბულოვის მეუღლემ, შვილებმა და გარდაცვლილის სიდედრმა წარადგინეს. ისინი ტრაგედიამდე და ტრაგედიის შემდგომაც, ერთ ოჯახად ცხოვრობენ.

 

ორგანიზაციამ შეძლო მოეპოვებია ყველა ვარგისი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებდა მატერიალური და მორალური ზიანის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების არსებობას. ყველა მოსარჩელემ ალექსადრე ხუბულოვის მკვლელობით მიიღო იმგვარი ხარისხის სტრესი და ტკივილი, რომელიც შეუძლებელია მხოლოდ ყოფითი სირთულეებიდან გამომდინარე შეფასდეს ან/და ექცეოდეს ჩვეულებრივი „მორალური ზიანის” აღქმის ქვეშ. მორალური ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში, არ ხდება ხელყოფილი უფლების (სიცოცხლის უფლება) სრული რესტიტუცია და კომპენსაციის მიზანია გამოწვეული ტკივილის, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც დაეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში. ამ თვალსაზრისით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ორგანიზაციის და სარჩელის სულისკვეთება.

 

2012 წლის 1 ოქტომბრის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ცვლილების შემდგომ გაჩნდა პოლიტიკური და სამართლებრივი ნება სისტემური დანაშაულის საქმეებთან დაკავშირებით დაწყებულიყო ახალი გამოძიება და მიღებულიყო კანონიერი გადაწყვეტილებები. შედეგად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განაჩენით, შემდგომში თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივნისის განაჩენითა და ბოლოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 23 იანვრის განაჩენით, დადგინდა, რომ 2006 წლის 2 მაისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ განახორციელებული სპეცოპერაციის საფუძველს წარმოადგენდა – შურისძიება. ირაკლი ფირცხალავას მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ყოველგვარი მოწოდებისა და გამაფრთხილებელი გასროლის გარეშე, ცეცხლი გაუხსნეს ზურაბ ვაზაგაშვილის ავტომანქანას და მის მგზავრებს. მიღებული ჭრილობების შედეგად, მათ შორის ალექსანდრე ხუბულოვი ადგილზე გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დროს, რომელშიც, სულ მცირე, პოლიციის 50 თანამშრომელი მონაწილეობდა, 22 წლის ზურაბ ვაზაგაშვილსა და 25 წლის ალექსანდრე ხუბულოვს, მანქანაში 70-ზე მეტი ტყვია ესროლეს. ალექსანდრე ხუბულოვს ორი შვილი დარჩა, 2015 წლის 30 იანვარს კი საქართველოს პროკურატურამ მიიღო დადგენილება ალექსანდრე ხუბულოვის მეუღლის დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ.

ცნობისთვის: ალექსანდრე ხუბულოვის ოჯახმა სასამართლოს სარჩელით 2018 წლის 20 დეკემბერს მიმართა, თუმცა „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმეში 2019 წლის თებერვლიდან ჩაერთო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო, წარმომადგენელმა კი სხდომაზე განაცხადა, რომ ადგილი არ ჰქონია სისტემურ დანაშაულს. სამინისტრომ არც დავის მორიგებით დასრულების წინადადება განიხილა. ალექსანდრე ხუბულოვის ოჯახის ინტერესები, საქმეზე „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა წარმოადგინა. საქმე მოსამართლე: ნათია ტოგონიძემ განიხილა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...