სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში წიგნის „ივეტ გრიმო და ქართული სიმღერა“ პრეზენტაცია გაიმართება

13 ივნისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში 19 საათზე გაიმართება წიგნის – „ივეტ გრიმო და ქართული სიმღერა“ – პრეზენტაცია. ინფორმაციას საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს.

ივეტ გრიმო არის ლეგენდად ქცეული ფრანგი ეთნომუსიკოლოგი ქალი, რომელმაც XX საუკუნის 60-იან წლებში კონსერვატორიის პროფესორებთან, შალვა ასლანიშვილსა და გრიგოლ ჩხიკვაძესთან 7 წლიანი მიწერ-მოწერისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩარევის შემდეგ, მოახერხა საბჭოთა სუკ-ის (კგბ) დიდი წინააღმდეგობის გადალახვა და საქართველოში ჩამოვიდა უნიკალური ხალხური სიმღერების ჩასაწერად.

გრიმო იყო ევროპული მუსიკალური კულტურის საუკეთესო ტრადიციებზე აღზრდილი კომპოზიტორი და პიანისტი, რომელსაც ბრწყინვალე არტისტულ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. ამიტომ ფრანგული საზოგადოება გააოცა მისმა მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ, უარი ეთქვა აუდიტორიის აღტაცებასა და აპლოდისმენტებზე იმისათვის, რომ ეგზოტიკური ხალხური მუსიკის შესასწავლად „აღმოსავლეთ ევროპის საქართველოს“ სწვეოდა.

იმედი არ გაცრუებია: მან პროფესორ გრიგოლ ჩხიკვაძესთან ერთად მოიარა თითქმის მთელი საქართველო და XX საუკუნის „წინააღმდეგობებით აღსავსე“ და „გახლეჩილ“ ეპოქაში, როგორც თავად აღნიშნავს, ქართული სიმღერის „კეთილხმოვან და დახვეწილ ფორმებში“ იპოვა ისEღირებულებები, რომლებიც დასავლეთში უკვე დაკარგული იყო. საქართველოში ჩამოსვლამდე გრიმომ საფუძვლიანად შეისწავლა ჩვენი ქვეყნის უძველესი ისტორია. ქართული ტრადიციული მუსიკის შესახებ თავის ნარკვევებში იგი წერს არა მარტო ქართული სიმღერის უძველეს წარმომავლობაზე, არამედ ძველი კოლხეთის პელაზგებზე , ქალდეასა და კარდუხებზე, ქართული კულტურის კავშირებზე ძველ ასირიულ, ხეთურ, ბაბილონურ და შუმერულთან, პოულობს მასში მითიურ ჰიპერბორიულ კვალს…

1970-80-იან წლებში მრავალენოვან „რევიუ ქართველოლოჟიში“ გრიმო აქტიურად ბეჭდავს სამეცნიერო სტატიებს, სისტემატურად გამოდის „რადიო ფრანსეს“ ეთერში. მის ტექსტებში გადმოცემულია ნამდვილი არტისტის, მუსიკოსის, მხატვრისა და ამავდროულად, ფილოსოფოსის, მისტიკოსის შეგრძნებები. ისინი მეტაფორულად მოგვითხრობენ ზეპირი ტრადიციის მემკვიდრეობის მარადიულობაზე და წარმოგვიდგენენ მას, როგორც ცისა და დედამიწის დამაკავშირებელ მედიუმს, რომლის გზავნილი მხოლოდ „გულისყურიანი“ ადამიანისთვისაა მოსაწვდომი.

საპრეზენტაციო ქართულ-ინგლისურენოვანი წიგნი გვაცნობს ივეტ გრიმოს ორიგინალურ ნაშრომებს ქართული ტრადიციული მუსიკის შესახებ და მის მიერ პროფესორ გრიგოლ ჩხიკვაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში 1967 წელს ჩაწერილ 331 ნიმუშს. მკითხველი, ასევე, გაიგებს მისი ბიოგრაფიის საინტერესო დეტალებს და წაიკითხავს 2010 წელს მასთან ჩაწერილ ინტერვიუს, რომელიც გვიჩვენებს, როგორ ცოცხლობდა მის მეხსიერებაში 40 წელზე მეტი ხნის წინ იმ ხალხთან ურთიერთობით მიღებული შთაბეჭდილება, XX საუკუნის 60-იან წლებში ჯერ კიდევ „ძველ აღთქმაში რომ ცხოვრობდა“.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ანსამბლები: ბასიანი, ანსამბლი ანჩისხატი, მთიები, ადილეი, სახიობა, კიმილია, შილდა, მჭელი, გალობის უნივერსიტეტის გუნდი. შესრულდება 1967 წელს ჩაწერილი უნიკალური რეპერტუარი.

კომენტარები
იტვირთება...