სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებას დადებითად აფასებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში მსოფლიოს 200-მდე ქვეყანას შორის საქართველოცაა შეფასებული.

ანგარიშში საუბარია საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებაზე, სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, ადამიანთა უფლებების დაცვაზე, ოჯახურ ძალადობაზე, სექსუალურ შევიწროებასა და პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე.

“პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ევროპის საბჭოს წამებისა პრევენციის კომიტეტს და ადამიანის უფლებების რამდენიმე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციას, ციხეებში არსებული მდგომარეობის დამოუკიდებლად და შეუფერხებლად შესწავლის საშუალება ჰქონდა.

პენიტენციურ დაწესებულებებზე ხელი მიუწვდებოდა აგრეთვე სახალხო დამცველთან არსებულ პრევენციის ეროვნულ მექანიზმს, რომელიც დაგეგმილ და დაუგეგმავ ვიზიტებს ახორციელებდა და ვიზიტებისას ფოტო-გადაღების ნებართვაც ჰქონდა.

წითელი ჯვრის კომიტეტს ციხეებსა და წინასწარი დაკავების ადგილებზე სრული წვდომა ჰქონდა საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე და გარკვეული წვდომა ციხეებსა და წინასწარი დაკავების ადგილებზე ე.წ. სამხრეთ ოსეთში. 2017 წლის ივნისში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც ძალაში იანვარში შევიდა. ნაკლებად საშიშ პატიმრებსა და იმ პირებს, ვინც არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებებში იხდიან სასჯელს, კანონი უმაღლესი განათლების მიღების საშუალებას აძლევს.

ასევე იანვარში შინაგან საქმეთა სამინისტრომ “იუნისეფ”-თან ერთად წამოიწყო პროექტი, რომელიც არასრულწლოვან პატიმრებს დეკემბრისათვის ფსიქოლოგიური მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, წლის განმავლობაში განახლდა სასწავლო კურსები დროებითი დაკავების დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის, რომლებსაც დაკავებულთა ტრავმები, მათ შორის ფოტოსურათების გადაღების მეშვეობითაც, უნდა აღერიცხათ. დროებითი დაკავების ორი დაწესებულება გარემონტდა, ხოლო ოთხ დაწესებულებაში სამედიცინო პუნქტები გაიხსნა”,-ნათქვამია ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...