შპს "იმპექსფარმამ" სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა

შპს „იმპექსფარმამ“ მრავალი ნიშნით (სქესი და ოჯახური მდგომარეობა) დისკრიმინაციის შესახებ სახალხო დამცველის რეკომენდაცია გაიზიარა.

საქმის მასალების თანახმად, ფოთის ერთ-ერთი აფთიაქის მენეჯერს, დეკრეტული შვებულების დასრულების შემდეგ, დამსაქმებელმა იგივე სამსახურებრივ პოზიციაზე დაბრუნებაზე უარი უთხრა და 2022 წლის 5 მარტიდან ანაზღაურების გარეშე შვებულებაში გაუშვა.

სახალხო დამცველის რეკომენდაციის განხილვის შედეგად, შპს „იმპექსფარმამ“ მიიღო გადაწყვეტილება, რომ:

2024 წლის 20 თებერვლიდან განმცხადებელთან აღედგინა შრომითი ურთიერთობა; განმცხადებელს აუნაზღაუროს განაცდური 2022 წლის 5 მარტიდან 2024 წლის 20 თებერვლამდე პერიოდისთვის; ასევე, 2024 წლის 20 თებერვლამდე შრომის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის, განმცხადებელს დამატებით გადაუხადოს სახელფასო ანაზღაურების 0.07 პროცენტი.

სახალხო დამცველი მიესალმება შპს „იმპექსფარმას“ გადაწყვეტილებას რეკომენდაციის შესრულების თაობაზე და მიიჩნევს, რომ კერძო სექტორის მხრიდან გამოვლენილი მზაობა - უზრუნველყოს დასაქმებულთა უფლებების დაცვა, ხელს უწყობს შრომითი ბაზრის განვითარებას და პარალელურად, აუმჯობესებს ადამიანის უფლებების დაცვის ხარისხს.