A1 ბანერი

სახალხო დამცველის განცხადება 13 წლის ბავშვის მკვლელობასთან დაკავშირებით

სახალხო დამცველი ეხმიანება 13 წლის ბავშვის მკვლელობის ფაქტს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში არსებულ სისტემურ პრობლემებს, რადგან მომხდარი შემთხვევა, სავარაუდოდ, სწორედ ამ პრობლემებს უკავშირდება.

“ინფორმაციის გავრცელებისთანავე, სახალხო დამცველის აპარატი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს, განხორციელდა დაწესებულებაში ვიზიტი დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად.

შესწავლის პირველადი შედეგებით იკვეთება, რომ დაწესებულება გადატვირთულია. კერძოდ, ბრალდებულის მიერ ცენტრის ფსიქიატრიული განყოფილებისთვის მიმართვის დღეს მამაკაცთა განყოფილება სრულად შევსებული იყო; თუმცა, სახალხო დამცველის რწმუნებულთან გასაუბრებისას დაწესებულების ადმინისტრაცია მიუთითებს, რომ აღნიშნული დაბრკოლებას არ შექმნიდა პაციენტის კონსულტირებისა და სხვა დაწესებულებაში გადამისამართებისთვის. ამასთან, შესაძლოა, იკვეთებოდეს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ პერსონალის მხრიდან პაციენტთან და მის თანმხლებ პირებთან კომუნიკაციის პრობლემა, რადგან არ მოხდა მათთვის საჭირო და საკმარისი ინფორმაციის მიწოდება სერვისების და სტაციონირებისთვის საჭირო პროცედურების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში მწვავე გამოწვევად იკვეთება ე.წ. ორმაგი დიაგნოზის მქონე პირთა დიაგნოსტირებისა და მკურნალობის პრობლემა და განსხვავებული რეგულაციები ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის სფეროებში. ამასთან, მიუხედავად „ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტის ზრდისა, კვლავ პრობლემურია ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების ჰოსპიტალსგარე მიღება, როგორიცაა თემზე დაფუძნებული და ამბულატორიული სერვისები, რაც თავის მხრივ განაპირობებს შემთხვევათა გამწვავებას და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების სტაციონარში განთავსების მაღალ მაჩვენებელს.

იმ მიზეზით, რომ არ არის განვითარებული საცხოვრისის ტიპის მომსახურება, პაციენტების დიდი ნაწილი, რომელთაც ქრონიკული, სოციალური და არა მწვავე სამედიცინო საჭიროებები აქვთ, წლობით ცხოვრობს სტაციონარულ დაწესებულებებში, რაც იწვევს გადატვირთულობას და ხშირად ხდება მწვავე მდგომარეობის მქონე პირების ფსიქიატრიული სამედიცინო დახმარების გარეშე დარჩენის მიზეზი. მწვავე პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან ფსიქიატრიული დახმარების ხარისხის მონიტორინგიც.

დასახელებული პრობლემების აღმოფხვრისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს როლი. მათ შორის დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობის, თემზე დაფუძნებული მომსახურებების განვითარებისთვის ეფექტური ნაბიჯების გადადგმის კუთხით.
სახალხო დამცველის აპარატი გააგრძელებს მომხდარი შემთხვევის შესწავლას და შეაფასებს სახელმწიფოს მხრიდან გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობას. ამასთან, შეისწავლის ინფორმირებული იყო თუ არა სოციალური სამსახური ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, რადგან გავრცელებული ინფორმაციიდან იკვეთება, რომ არასრულწლოვანი ნათესავებთან მშობლების გარეშე ცხოვრობდა”, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

ამავე დროს, სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველას, საკითხის შეფასების პროცესში გამოიჩინონ სიფრთხილე, რათა არ მოხდეს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ სტიგმის გაძლიერება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...