საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და განმარტავს, რომ სახალხო დამცველის აპარატი ფაქტს შეისწავლის.

მისივე თქმით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აუცილებელია, შესაბამისი უწყებების მყისიერი რეაგირება, გამოძიების დროული და ეფექტიანი წარმართვა.

„სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუშინ მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი გოგონას ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

აუცილებელია, აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელდეს მყისიერი რეაგირება, გამოძიების დროული და ეფექტიანი წარმართვა და მართლმსაჯულების აღსრულება.

სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს, მათ შორის, გამოძიების მიმდინარეობის კუთხით“, – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

დიდ დიღომში 12 წლის გოგონა გარდაცვლილი დღეს დილით იპონეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.