სახალხო დამცველი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გამონათქვამს დისკრიმინაციულად აფასებს

სახალხო დამცველი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გამონათქვამს დისკრიმინაციულად აფასებს. განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

საქართველოს სახალხო დამცველი გმობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ ფაცაციას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ დისკრიმინაციულ განცხადებებს ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი პოლიტიკოსი ქალების – თინა ბოკუჩავასა და ანა წითლიძის მისამართით.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თამაზ ფაცაციას გამონათქვამები არის სექსისტური შინაარსის, ვინაიდან აქვს სექსუალური კონოტაცია, მიზნად ისახავს პოლიტიკოსი ქალების შეურაცხყოფას, დამცირებას და მათ უქმნის არაჯანსაღ, უთანასწორო პოლიტიკურ გარემოს.

იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ქალთა თანასწორუფლებიანობა და ქალთა თანაბარი მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ერთ-ერთ გამოწვევად რჩება, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართული ქალებისათვის მტრული გარემოს შექმნა წარმოადგენს მათთვის ბარიერს, სრულყოფილად, თავისუფლად და უსაფრთხოდ ჩაერთონ პოლიტიკურ პროცესებში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პოლიტიკოს ქალთა მიმართ გაჟღერებული დისკრიმინაციული, სექსისტური და სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები აკნინებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის
მნიშვნელობას და აძლიერებს ქალის როლთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებულ არასწორ და დამაკნინებელ სტერეოტიპებს. ყოველივე აღნიშნული კი, თავის მხრივ, აორმაგებს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმით გამოვლენის რისკს. პოლიტიკურ პროცესებში მონაწილე პირებს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეთ, რომ თანასწორობის მიღწევის პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრიათ, ვინაიდან მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს თამაზ ფაცაციას, რომ თავი შეიკავოს დისკრიმინაციული შინაარსის გამონათქვამებისგან და მისი საქმიანობა წარიმართოს თანასწორობის პრინციპების დაცვით.

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას გენდერული თანასწორობის პრინციპების დაცვის ხელშეწყობის და თანასწორობის საკითხებზე საკრებულოს წევრებისა თუ სხვა დასაქმებული პირების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. – განთქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...