საჯარო სამსახურების კოორდინაციისთვის, შესაძლოა, საჯარო სამსახურის ბიურო შეიქმნას

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, გაერთიანებულ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებთან ერთად პირველი მოსმენით განიხილა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საჯარო ადმინისტრირების რეფორმა, რომლის ერთ-ერთ კომპონენტს საჯარო სამსახურის რეფორმა წარმოადგენს. 

 

კანონპროექტი განასხვავებს საჯარო სამსახურის და სახელმწიფო სამსახურის ცნებებს. გაიზრდება საჯარო სამსახურის სუბიექტები. კერძოდ, საჯარო მოხელეებს წარმოადგენენ ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს აპარატი, ეროვნული ბანკის აპარატი, საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლები, გარდა სსიპ- ის ხელმძღვანელისა და მოადგილისა, რომლის დანიშვნის წესი დადგენილია შესაბამისი კანონით.

საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების მიზნით, იქმნება საჯარო სამსახურის საბჭო, როგორც საქართველოს მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელსაც თავმჯდომარეობს საქართველოს პრემიერ – მინისტრი, ხოლო საბჭოს დანარჩენი წევრები დაკომპლექტდება საქართველოს მთავრობის, საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს და საერთო სასამართლოების მოსამართლეებისაგან.

საჯარო სამსახურის სფეროში საქმიანობის კოორდინაციის მიზნით, იქმნება სსიპ – საჯარო სამსახურის ბიურო, რომლის ხელმძღვანელსაც 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრი. მის ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საჯარო სამსახურის სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის მონიტორინგის გაწევა. იგი კოორდინაციას გაუწევს საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის საქმიანობას, შეისწავლის და განაზოგადებს მოხელეთა სამსახურში მიღების, მათი შეფასების, დაწინაურების და ა.შ რეკომენდაციებს.

კანონპროექტი დეტალურად ითვალისწინებს მოხელის შრომით გასამრჯელოს, სახელფასო დანამატს და მოხელის წახალისების ფორმებს, შვებულებას. განსაზღვრავს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და შერწყმის შედეგად შემცირებული მოხელის რეზერვში ჩარიცხვის შესაძლებლობას, ასევე დაწვრილებით არის დარეგულირებული დისციპლინარული პასუხისმგებლობის პროცესი.

კანონპროექტის განხილვის პროცესში გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, ოთხივე კომიტეტმა დაუჭირა მხარი მის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გატანას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...