საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარების კონფერენციში დმანისის მერი მონაწილეობს

ამწუთებში სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარებაზე ორდღიანი კონფერენცია იმართება. კონფერენციას ესწრება დმანისის მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი ტატუაშვილი.

ღონისძიებას გახსნიან ალექსანდრე რევია, საქართველოს საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელი: იეშიმ ელჰან-ქაიალარი, აზიის განვითარების ბანკის (ADB) დირექტორი საქართველოში, და ლუიზა ვინტონი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი საქართველოში.

კონფერენციაზე გაიმართება მსჯელობა საქართველოს მთავრობის მიღწევებზე მდგრადი სტრუქტურული რეფორმების განხორციელების, ღია მმართველობისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაუმჯობესების მიმართულებით. ასევე ყურადღება დაეთმობა საჯარო და კერძო თანამშრომლობის განვითარების როლს ინკლუზიური ზრდისა და სიღარიბის დაძლევის უზრუნველყოფაში. ღონისძიების მონაწილეები გაეცნობიან იმ პროცედურებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელიც აუცილებელია წარმატებული და მსხვილი პროექტების განხორციელებისთვის.

კონფერენციის პირველი ნაწილი, მაღალი დონის დისკუსია, ფართო ჭრილში განიხილავს საქართველოში საჯარო და კერძო თანამშრომლობასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო მეორე ნაწილი მოიცავს პრაქტიკულ სემინარს ადგილობრივი თვითმართველობების, მუნიციპალიტეტებისა და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის.

კონფერენციის სამუშაო ნაწილის ფარგლებში, საერთაშორისო ექსპერტები და სპეციალისტები საჯარო და კერძო თანამშრომლობის ძირითად ასპექტებს საქართველოს კონტექსტში მიმოიხილავენ და მონაწილეებს გამოცდილებას გაუზიარებენ. პრაქტიკული სემინარი, ცოდნის გაზიარებასთან ერთად, ხელს შეუწყობს საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომელთა შორის პროფესიული კონტაქტების დამყარებას.

ღონისძიების ორგანიზატორია საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით, საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამშრომლობის ეფექტიანობის გაზრდისა და მომავალი პროექტების წარმატებული განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შეიქმნა. კონფერენციის მხარდამჭერები არიან საქართველოს მთავრობა, აზიის განვითარების ბანკი (ADB) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობების ხელშეწყობით.

ღონიძიებას ესწრება დმანისის მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი ტატუაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...