საიას მოთხოვნა ჩერნოვეცკის ქართული ენის ცოდნა შეემოწმებინათ, არ დააკმაყოფილეს

ქობულეთის 81-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ ენის ფლობის გადამოწმებაზე უარი უთხრა. ოლქმა გადაწყვეტილება კანდიდატის სასარგებლოდ გამოიტანა და საიას განცხადებას 24 საათში უპასუხა.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გუშინვე განმარტეს, რომ კანონის მოთხოვნის მიუხედავად ენის ცოდნის ხარისხს ვერ ამოწმებენ. მიზეზად დაუდგენელ პროცედურებს ასახელებდნენ, რაც იურისტებს გაუმართლებლად მიაჩნიათ. 

„სამი ძირითადი არგუმენტი, რის გამოც ჩვენ უარი გვითხრეს, განცხადების განხილვაზე არის ის, რომ ჩვენ გასაჩივრების ვადა გავუშვით, მაშინ, როცა არაფერი არ გაგვისაჩივრებია და მხოლოდ განცხადებით მივმართეთ. მეორე არგუმენტი იყო ის, რომ მექანიზმი არ არსებობს გადამოწმების და ამის გამო ისინი უარს ამბობენ ამ ფაქტობრივი გარემოების შემოწმებაზე და მესამე-ჩერნოვეცკი, რადგან არის საქართველოს მოქალაქე და მან მიიღო საქართველოს მოქალაქეობა, სავარაუდოდ, მას ეცოდინება ქართული ენა. აი, ვარაუდის დონეზე როცა მივიდა საკითხი, სწორედ აქედან გამომდინარე გაგვიჩნდა ჩვენ ეჭვ, რომ ის ვერ ფლობს ქართულ ენას. ამიტომაც, ეს გადაწყვეტილება, აუცილებლად გასაჩივრდება ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში,“-აცხადებს საიას აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი, გიორგი ხიმშიაშვილი. 

საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ნორმის აღსრულებისკენ მოუწდებს ცესკოს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე. მისი განმარტებით, ნორმების დადგენა, ცესკოს პირდაპირი ვალდებულებაა, რაც აქამდეც უნდა გაეკეთებინა.

„საარჩევნო კოდექსი ამბობს, რომ ცესკო უფლებამოსილია, დადგენილებით დაადგინოს ისეთი ნორმა, რომელიც კანონით არ არის განსაზღვრული, მაგრამ აუცილებელია არჩევნებისთვის“,-აცხადებს ხმალაძე, რომელიც ცესკოს, ენის ცოდნის გადამოწმების რამდენიმე წესს ურჩევს.

„ეს არის, მაგალითად, სკოლის ატესტატი, რომლიდანაც ჩანს რომ პირმა დაამთავრა ქართული სკოლა. ან დაამთავრა სკოლა, სადაც ისწავლებოდა ქართული ენა და აქვს დადებითი შეფასება. ან მიღებული აქვს უმაღლესი განათლება, ქართულ ენაზე. ეს, საკმარისია ჩემი აზრით იმისთვის, რომ პირმა საკმარისად იცის ქართული ენა. თუ არაფერი არ აქვს, მაშინ ცესკოს შეუძლია შექმნას კომისია , ქართული ენის სპეციალისტთაგან და ისინი დაადგენენ, იცის თუ არა პირმა, ქართული ენა“,-აცხადებს, ვახტანგ ხმალაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად