საია: მიშველაძის საქმის შსს-სთვის გადაცემა გამოძიების ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს

საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის ინფორმაციით, საქმე რომელშიც შსს-ს თანამშრომელთა შესაძლოა ბრალეულობა იკვეთება, პროკურატურამ გამოსაძიებლად შსს-ს გადასცა. აღნიშნულის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიშველაძის საქმის შსს-სთვის გადაცემა გამოძიების ეფექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. საია საქმის კვლავ პროკურატურაში დაბრუნებას ითხოვს. 

"2016 წლის 16 მარტს მოქალაქე ეკატერინე მიშველაძე საიას ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში. სადაც ეკატერინე მიშველაძემ პროკურატურას მიაწოდა ინფორმაცია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელების თაობაზე. გასაუბრების ოქმში დაფიქსირებულ იქნა, რომ პირადი მიმოწერის გავრცელებაში შესაძლებელია იკვეთებოდეს შსს-ს თანამშრომლ(ებ)ის ბრალეულობა. ეკატერინე მიშველაძე დღეს დაბარებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმართველოში, სადაც გაირკვა, რომ პროკურატურამ საქმე გამოსაძიებლად გადასცა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაც პირდაპირ კანონმდებლობის დარღვევაა.

საქმის გარემოებების ირგვლივ ყველაზე მეტი შეკითხვა სწორედ შსს სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ არსებობს, რაც წარმოშობს გონივრულ ეჭვს, რომ პირადი მიმოწერის გავრცელება მათი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მოხდა.

საია მიიჩნევს, რომ ეკატერინე მიშველაძის საქმის გამოსაძიებლად შსს სამინისტროსათვის გადაცემა იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების დამოუკიდებლობასა და ეფექტურობას.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ არაერთ საქმეზე დადგენილი პრაქტიკით, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი, რომ დანაშაული სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩაიდინეს, ეფექტური და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება საქმის სხვა უწყების მიერ გამოძიებას გულისხმობს. ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 7 ივლისის ბრძანება, რომელიც სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის წესებს განსაზღვრავს, პირდაპირ ადგენს, რომ პოლიციელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებას პროკურატურის გამომძიებლების ქვემდებარეობას განეკუთვნება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივმართავთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურას, რომ დაიცვან როგორც საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნები, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები და ეკატერინე მიშველაძის საქმე გამოსაძიებლად დაუყოვნებლივ დაუბრუნდეს საქართველოს პროკურატურას",-აღნიშნულია საიას განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად