საგარეო უწყება: აშშ-ის 2021 ფისკალური წლის ასიგნებების აქტი კვლავ ითვალისწინებს საქართველოსთვის სოლიდურ ფინანსურ დახმარებას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის მიერ 2021 ფისკალური წლის ასიგნებების აქტის აშშ–ის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტის (FY2021 SFOPs) დამტკიცების თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

„კანონპროექტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.

კანონონპროექტის თანახმად, გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

კანონპროექტი მოუწოდებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ მხარი არ დაუჭირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებას (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ამას გარდა, ხაზგასასმელია, რომ აქტი “რუსეთის ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდი”-ის ფარგლებში, ითვალისწინებს არანაკლებ 290 მლნ აშშ დოლარის გამოყოფას ევროპისა და ევრაზიის ქვეყნების, მათ შორის, საქართველოსთვის. აღნიშნული თანხა მოხმარდება რეგიონის ქვეყნების სამართალდამცავი და უსაფრთხოების ძალების შესაძლებლობების განვითარებასა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და ნატო-სთან თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე, დაფინანსება მოხმარდება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებებისა და სავაჭრო შეთანხმებების შესრულებას, ასევე, საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის შემცირებას.

რაც შეეხება საქართველოსთვის გამოყოფილ დაფინანსებას, აშშ-ის სახელმწიფო, საგარეო ოპერაციებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპრექტი კვლავ ითვალისწინებს საქართველოსთვის სოლიდურ ფინანსურ დახმარებას და $132, 025,000 მლნ დოლარს აღწევს. კანონპრექტის თანახმად, თანხის 15%-ის გადაცემა სავალდებულო არ არის, სანამ ხახელმწიფო მდივანი არ დაადგენს და კომიტეტებს არ წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტურ ნაბიჯებს დგამს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლის, კერძო სექტორში კანონის უზენაესობისა და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დაცვის კუთხით. აღნიშნული ჩანაწერი კონგრესის საზედამხედველო ფუნქციით არის ნაკარნახევი და მისი ამოქმედება არ ატარებს სავალდებულო ხასიათს.
აღსანიშნავია, რომ იმ საკითხებში, რომლის თაობაზე კონგრესი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ითხოვს, საქართველო პროგრესირებს, რაც აღიარებულია თავად საერთაშორისო საზოგადოებისა და ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიერ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის კონგრესი უკვე მეხუთე წელია ასიგნებების აქტში ითვალისწინებს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების შესახებ რედაქციას, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ აშშ-ს საკანონმდებლო შტოს ურყევი მხარდაჭერის დასტურია“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, საბოლოო ტექსტის დამტკიცებამდე (კანონის მიღებამდე) რამდენიმე ეტაპია გასავლელი, კერძოდ, ამჟამად აშშ-ის სენატმა უნდა დაამტკიცოს კანონპროექტის საკუთარი ვერსია, რომლის შემდგომ ორივე პალატის ვერსია უნდა შეჯერდეს ე.წ. კონფერენციაზე. შეჯერებული ტექსტს კენჭს უყრის აშშ-ის კონგრესის სრული შემადგენლობა და დამტკიცების შემდგომ კანონპროექტი გადაეგზავნება აშშ-ის პრეზიდენტს ხელმოსაწერად.

2020 წლის 24 ივლისს აშშ–ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცდა საგარეო ოპერაციების და მასთან დაკავშირებული პროგრამების კანონპროექტის საკუთარი ვერსია, რომელიც მნიშვნელოვან ჩანაწერებს შეიცავს საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების განმტკიცების თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ კანონი საქართველოსთვის ითვალისწინებს მნიშვნელოვან საბიუჯეტო ასიგნებებს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად