მოსკოვის საკონცერტო დარბაზში, „კროკუს სითი ჰოლში“ შეიარაღებული თავდასხმისა და აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

როგორც მედია რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ცეცხლის ჩაქრობას 320 მეხანძრე 130 ერთეული ტექნიკით ცდილობს. მათივე ცნობით, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია სამი ვერტმფრენიც.

რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ინფორმაციით, ხანძარი 13 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზეა გავრცელებული.

შეგახსენებთ, მოსკოვის ოლქის ქალაქ კრასნოგორსკში „კროკუს სითი ჰოლში“ რამდენიმე შეიარაღებული პირი შეიჭრა და კონცერტზე მისულ მაყურებელს ცეცხლი გაუხსნა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა, სპეცრაზმმა შენობის შტურმი დაიწყო.

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ინფორმაციით, მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლში“ დაღუპულთა რიცხვი სულ მცირე 40-ს შეადგენს, დაშავებულთა რიცხვი კი 100-ს აღემატება.