“პერსილს” და “არიელს” კუსტარულ საამქროში ფალსიფიცირებული წესით ამზადებდნენ

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტი გამოავლინეს, რაზეც ორ პირს ბრალდება წარუდგინეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ სარეცხი საშუალებების რეალიზატორი ერთ – ერთი კომპანიის ხელმძღვანელი და მისი თანამშრომელი, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქალაქ ბათუმში, კუსტარულად მოწყობილ საამქროში, ახორციელებდნენ იაფფასიანი სარეცხი ფხვნილების დაფასოებას და მის რეალიზაციას ბრენდირებული სარეცხი საშუალებების – „პერსილის“ და „არიელის“ სამარკო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებით.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული დიდი ოდენობით მზა პროდუქცია, ასევე, მის დასამზადებლად განკუთვნილი ნედლეული და პოლიგრაფიული მასალა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...