საერთო სასამართლოების თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია – რა დატოვა გეგელიამ

დიმიტრი გეგელია საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე აღარ არის. ამ ინფორმაციას "აიპრესს" იუსტიციის უმაღლეს საბჭოშიც უდასტურებენ, სადაც აცხადებენ, რომ დიმიტრი გეგელიას ვადა ამოეწურა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეპარტამენტი, რომელიც  სასამართლოების ფინანსებს განკარგავს და აკონტროლებს, ახალი თავმჯდომარის მოლოდინშია. 
დიმიტრი გეგელიამ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ფონდის ბუღალტერი, შემდეგ ამავე ფონდს თავმჯდომარის მოადგილე და  კოტე კუბლაშვილის "მარჯვენა ხელი" იყო,  თავისი 8 წლიანი მოღვაწეობა დაასრულა.
 
თუმცა, დატოვა უამრავი კითხვის ნიშანი საერთო სასამართლოებში წლების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე, რომელსაც ხან პროკურატურა სწავლობდა, ხან – პარლამენტის საგამოძიებო კომისია, თუმცა ეს ყველაფერი "მეცნიერული" შესწავლის დონეზე დარჩა და რაიმე მნიშვნელოვანი რეაგირება არ მოყოლია.
 
დარღვეული ბუღალტრული აღრიცხვები, გაუკონტროლებელი დოკუმენტაცია, ჩაუტარებელი ინვენტარიზაცია, სახელმწიფო შესყიდვებისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების არარაციონალური ხარჯვა, არამიზნობრივად გახარჯული საწვავი და მანქანების რემონტის და სწავავის ხარჯვის  "კორუფციული სქემა"_ წესით, ეს ყველაფერი პროკურატურას უნდა შეესწავლა.
 
საერთო სასამართლოების საქმეს მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა დროებითი საპარლამენტო კომისიის ანგარიშშიც:
 
"საერთო სასამართლოების დეპარტამენტის აუდიტის მასალები, 2013 წლის მარტში, ანუ კომისიის მუშაობის პერიოდში, გადაეგზავნა საქართველოს პროკურატურას, ოღონდ მისივე მოთხოვნით. კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორის ლ.თორდიას სახელზე გამოგზავნილი საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 4 მარტის (განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის გ.მოსაშვილის ხელმოწერით), საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმის ინტერესებიდან გამომდინარე მოითხოვდა აღნიშნული აუდიტის ანგარიშის გადაგზავნას, რომლის პასუხადაც აუდიტის სამსახურის 2013 წლის 11 მარტის გადაეგზავნა  მითითებული აუდიტის ანგარიშის ასლი".
 
38 გვერდიან აუდიტის აქტში, რომელიც აუდიტის სამსახურმა მხოლოდ 2013 წელს გამოაჩინა, მას შემდეგ რაც პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა (ლევან ბეჟაშვილის დროს ის თაროზე ჰქონდათ შემოდებული) განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საერთო სასამართლოების დეპარტამენტში გამოვლენილ დარღვევებს ბუღალტრული აღრიცხვის წესებში.  ამონარიდი აუდიტის აქტიდან:
 
"აუდიტის პერიოდში, ყოველი წლის ბოლოს, 4 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონების (საწყობის) სავალდებულო ინვენტარიზაცია. ფაქტობრივად საბუღალტრო სამსახურის მიერ არ კონტროლდებოდა საწყობში ფასეულობათა შემოსვლა და ხარჯვა, ასევე არ ხდებოდა ბუღალტრული ჩანაწერების  შედარება საწყობში წარმოებულ ჩანაწერებთან, რის გამოც 2006-2009 წლებში საწყობიდან მატერიალური ფასეულობების გაცემის დამადასტურებელი გასავლის ზედდებულების დროული ასახვა არ ხდებოდა საბუღალტრო დოკუმენტებში. აქედან გამომდინარე, ამ პერიოდის ბუღალტრული ჩანაწერები არ შეესაბამებოდა რეალობას.
 
2010 წლის 8 ივნისის მდგომარეობით  მატერიალური ფასეულობების ნაშთების შესახებ  აუდიტის ჯგუფისთვის წარმოდგენილი  ცნობის თანახმად (რომელსაც ხელს აწერს საწყობის გამგე) საწყობში ირიცხებოდა  3.6 მლნ ლარის ღირებულების 2.6 ათასი სხვადასხვა დასახელების ფასეულობა.  2010 წლის 21 ივნისის მდგომარეობით წარმოდგენილი ცნობის თანახმად კი საწყობზე ირიცხებოდა   1 280 091.20 ლარის ღირებულების 1 354 დასახელების მატერიალური ფასეულობა,  ანუ 8 ივნისის მონაცემებთან შედარებით ნაშთებში აღარაა ასახული  2 335 212.50 ლარის ღირებულების 1270 სხვადასხვა დასახელების მატერიალური ფასეულობა.
 
2010 წლის 9 აგვისტოს №1373 წერილით დეპარტამენტის მიერ კონტროლის პალატაში წარმოდგენილი იქნა ინვენტარიზაციის შედეგები, რომლის მიხედვითაც საწყობში არსებული ნაშთი 30 ივნისის მდგომარეობით შეადგენდა 1 307 729 ლარს, ხოლო საბუღალტრო  მონაცემები წარმოდგენილია მხოლოდ საბალანსო ანგარიშების მიხედვით, აქედან გამომდინარე, წინა წლებში ბუღალტრულად აღურიცხავი მატერიალური ფასეულობების მოძრაობის გასწორება ბუღალტრულ ჩანაწერებში ფაქტობრივად განხორციელდა აუდიტის მიმდინარეობისას."
 
ჩაუტარებელი ექსპერტიზისთვის გადარიცხული  თანხები
 
აუდიტის პერიოდში დეპარტამენტის მიერ გაწეულია ხარჯები საექსპერტო და სპეციალური სამუშაოებისთვის. სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსა" და დეპარტამენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად,  აღნიშნული ხარჯების ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენდა ექსპერტიზის ბიუროს მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურა და მიღება-ჩაბარების აქტები (ფორმა N5).
როგორც აუდიტის აქტის მიხედვით ხდება ცნობილი, საერთო სასამართლოების მიერ ექსპერტიზის ბიუროს ანგარიშზე გადარიცხულია თანხები, რომელიც სინამდვილეში, პროცესის მონაწილე მხარეებს აქვთ გადახდილი. უფრო მეტიც, გამოიკვეთა 4 სისხლის სამართლის და 1 სამოქალაქო საქმე, რომლის მასალებშიც სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნები საერთოდ არ არის, მაგრამ ექსპერტიზის ბიუროდან დეპარტამენტში წარმოდგენილი ფორმა N5-ის საფუძველზე გადაირიცხა 4 390 ლარი. საერთო ჯამში, ზედმეტად გადახდილი თანხის ოდენობამ 37 075 ათასი ლარი შეადგინა.
 
ამონარიდი აუდიტის აქტიდან: "ექსპერტიზის ბიუროდან წარმოდგენილ ფორმა N5–ებში დაფიქსირებული, შესრულებული საექსპერტო სამუშაოების და ექსპერტიზის ვადების და გადასახდელი თანხების რეალობის დადგენის მიზნით, რაიონული და საქალაქო სასამართლოებიდან გამოთხოვილ იქნა 185  საქმეში არსებული განჩინებები ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, საექსპერტო დასკვნები და სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომელთა შესწავლით დადგინდა, რომ  სასამართლო-საექსპერტო მომსახურების მიხედვით დეპარტამენტის მიერ ზედმეტად არის ანაზღაურებული  37 075 ლარი (33 საქმე).
 
როგორც "აიპრესისთვის"გახდა ცნობილი,  ამ ფაქტზე რეაგირება მოხდა, რაც ზედმეტად ანაზღაურებული თანხების უკან დაბრუნებაში გამოიხატა. ინფორმაციის გადამოწმება პროკურატურაში ვცადეთ, თუმცა საზოგადოებასტან ურთიერთობის სამსახური სატელეფონო ზარებს ჯერჯერობით არ პასუხობს.
 
წელიწადში 18 – ჯერ დამტკიცებული ულიმიტო საწვავი

როგორც  ირკვევა, ადგილი ჰქონდა საერთო სასამართლოების დეპარტამენტიდან დადგენილ ლიმიტს ზევით საწვავის გაცემის ფაქტებს, რაც განპირობებული იყო  იმით, რომ ავტოგასამართ სადგურებში საწვავის მიღების მკაცრი კონტროლის დაწესების მიზნით პლასტიკური საბარათე სისტემის დანერგვის პარალელურად, დეპარტამენტის საწყობიდან ხდებოდა საწვავის ტალონების გაცემა.
 
ამონარიდი აუდიტორთა დასკვნიდან: "მატერიალურ-ტექნიკური სამმართველოს მიერ, ავტომობილების საწვავის ბარათებზე, ლიმიტირებული საწვავის ჩარიცხვის თაობაზე  ცხრილის სახით მოწოდებული ცნობის ერთ-ერთი სვეტი მოიცავდა საწყობიდან ტალონებზე გაცემული საწვავის შესახებ მონაცემებს, რომელსაც საწვავის საბარათე სისტემით გაცემაზე პასუხისმგებელ პირს აწვდიდა საწყობის მატერიალურად პასუხისმგებელი პირი. ცნობაში, საწყობიდან გაცემული საწვავის რაოდენობა მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა რეალურად გაცემული რაოდენობისგან.
 
კერძოდ: 2008 წლის იანვარში, ცნობის მიხედვით საწყობიდან გაცემული იყო 500 ლიტრი საწვავი, ფაქტობრივად დადგინდა, რომ გაიცა 2720 ლიტრი; თებერვალში ცნობის მიხედვით გაიცა 420 ლიტრი, ფაქტობრივად კი გაცემული იყო 1170 ლიტრი; მარტში საწყობიდან გაცემა საერთოდ არ არის დაფიქსირებული ცნობაში, ფაქტობრივად კი გაიცა 3100 ლიტრი. აპრილში ცნობის მიხედვით გაიცა 540 ლიტრი, ფაქტობრივად კი გაცემული იყო 3930 ლიტრი საწვავი. აღნიშნული არაკოორდინირებულობის  გამო, საწვავის ლიმიტით განსაზღვრული რაოდენობა ჩაიტვირთებოდა პლასტიკურ ბარათზე, მაგრამ პასუხისმგებელი პირი არ ფლობდა რეალურ ინფორმაციას, საწყობიდან ტალონებით გაცემული საწვავის შესახებ,
არაკოორდინირებული ქმედება იწვევდა საწვავის დადგენილ ლიმიტს ზევით გაცემას. აუდიტის პერიოდში ადგილი ქონდა დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ლიმიტების ხშირ ცვლილებებს (წელიწადში 13-18-ჯერ). რიგ შემთხვევებში  საწვავი გაიცემოდა დადგენილ ლიმიტზე მეტი ოდენობით. კერძოდ, აუდიტის პერიოდში ლიმიტს ზევით გაცემულია 14220.1ლარის ღირებულების  8665 ლიტრი საწვავი." _ ნათქვამი აუდიტორთა მიერ მომზადებულ დასკვნაში.
 
ეს არის ის მცირე ნაწილი, რაზეც თავის დროზე აუდიტის აქტში იყო საუბარი და შემდეგ უკვე, პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ამ აქტის საფუძველზე შეისწავლა.
 
ახალ თავმჯდომარეს, რომელსაც იუსტიციის საბჭო 3 წლის ვადით დანიშნავს, დატოვებული მემკვიდრეობის გადაბარება და იმ ლაბირინთებში გარკვევა მოუწევს, რომელიც საერთო სასამართლოების დეპარტამენტში წლების განმავლობაში დაგროვდა.
შეგახსენებთ, რომ საერთო სასამართლოების დეპარტამენტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რგოლია, რომელიც განკარგავს: ფინანსებს სასამართლოების საქმიანობისა და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველსაყოფად; უზრუნველყოფს სასამართლოებს სათანადო შენობა-ნაგებობებით; უზრუნველყოფს სასამართლოებს მათი საქმიანობისათვის აუცილებელი ნორმატიული აქტებითა და სხვა მასალებით; ამოწმებს სასამართლოების მიერ ფინანსური და მატერიალური რესურსების ხარჯვას; ახორციელებს სხვა ღონისძიებებს სასამართლოების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის.
 
საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარესა და მის მოადგილეებს 3 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობით. დეპარტამენტის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე. დეპარტამენტის სხვა თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარე.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად