საერთაშორისო სიმპოზიუმი – „აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი“ დისტანციურად გაიმართება

მიმდინარე წლის 23 სექტემბერს საერთაშორისო სიმპოზიუმს – „აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი“ – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 150-მდე მონაწილე დისტანციურად დაესწრება.

ირმა რატიანი – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორი, სიმპოზიუმის სამეცნიერო კომიტეტის თავმჯდომარე: 

,,სიმპოზიუმი ეძღვნება ქართულ ფოლკლორსა და ქართული ფოკლორის დიდ მოამაგეს გიორგი ლეონიძეს, რომელმაც ურთულეს 1950-იან წლებში, საკუთარი თავდადებისა და მეცნიერული სიჯიუტის ფასად, გადაარჩინა ქართული ფოლკლორული მემკვიდრეობა!  ტრადიციული ფორმატი შეცვლილია: სიმპოზიუმის მონაწილენი მოკლებული იქნებიან პირად შეხვედრებს, უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობას. სამწუხაროდ, ვერ განხორციელდება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან ერთად დაგეგმილი  მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა, მაგრამ, ვიმედოვნებთ, რომ ვირტუალურ სივრცეშიც კი, სამი დღის განმავლობაში, 23-24-25 სექტემბერს, სიმპოზიუმი იქცევა სამეცნიერო და კულტურული აზრის ზეიმად.გადავწყვიტეთ, რომ პირველი ონლაინ სიმპოზიუმის – „აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორი“ – მასალები გამოიცეს ელექტრონული აკადემიური წინის (ე-წიგნი) ფორმატში და განთავსდეა ყველა შესაბამის საერთაშორისო ბაზაში, რაც კიდევ ერთხელ შეახსენებს საერთაშორისო საზოგადოებას ქართული ფოლკლორის უნიკალურობას!“

გიორგი დონაძე – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი:

,,მივესალმები აბრეშუმის გზის ქვეყნების ფოლკლორის XIV საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს. მსგავსი საერთაშორისო ფორუმების ჩატარება უაღრესად მნიშვნელოვანია ქართული კულტურის საერთაშორისო სარბიელზე წარმოჩენად. მოხარული ვარ, რომ უკვე თოთხმეტწლიანი გამოცდილების მქონე სამეცნიერო ფორუმის ორგანიზებაში საქართველოს ფოკლორის ცენტრიც მონაწილეობს. ჩვენთვის ეს დიდი პატივია. იმედს ვიტოვებ, ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება, წარმატებულ მუშაობასა და სასიამოვნო შთაბეჭდილებებს ვუსურვებ სიმპოზიუმის ყველა მონაწილეს“.

სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს შემდეგი სექციები: ისტორია და კოლექტიური მეხსიერება; ფოლკლორინაციონალური იდენტობის საცავი; მითი, რიტუალი და სიმბოლო ფოლკლორსა და ლიტერატურაში; ფოლკლორული ჟანრები; ფოლკლორი და მხატვრული ტექსტი; თანამედროვე მითოლოგია და ლიტერატურული ზღაპარი; მუსიკალური ფოლკლორი; თანამედროვე ფოლკლორული ნარატივები (ურბანული მითები); ფოლკლორი და გენდერი; ფოლკლორიკულტურათაშორისი კომუნიკაციების  საშუალება; ფოლკლორი მულტიკულტურულ საზოგადოებაშიტრადიცია და ინოვაცია კულტურაში;  ფოლკლორი და მოსაზღვრე სამეცნიერი დისციპლინები (ისტორია, ლიტერატურა, ეთნოლოგია); ფოლკლორის, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და პოპულარიზაცია; ფოლკლორი და დიგიტალური ეპოქა; ციფრული ფოლკლორული არქივები და მონაცემთა ბაზები; საველეშემკრებლობითი კვლევის პრაქტიკა; ფოლკლორი და მულტიმე; ფოლკლორი პოპკულტურაში; ფოლკლორი მედიასა და შემოქმედებით ინდუსტრიებში; ფოლკლორისტები: სახელები, ეპოქები, ღვაწლი.

სიმპოზიუმის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და რუსული. ინფორმაცია სიმპოზიუმის მონაწილეების, სამეცნიერო თუ საორგანიზაციო კომიტეტის შესახებ, ასევე, სიმპოზიუმის პროგრამა განთავსებულია  ვებ-გვერდზე http://conference.litinstituti.ge

სიმპოზიუმის ორგანიზატორები არიან: შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაცია (GCLA) და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად