საერთაშორისო საზოგადოება 22 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს გმობს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკაზე უმაღლესი წარმომადგენელი პიტერ სტანო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება. მისი განცხადება ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა, ასევე უმაღლესი წარმომადგენლის პირად “ტვიტერზე” გამოჩნდა.

„ევროკავშირი არ სცნობს აფხაზეთის სეპარატისტულ რეგიონში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს და მტკიცედ უჭერს მხარს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისო სამართლის შესაბამისად. ევროკავშირი კვლავ განაგრძობს არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელებას“ – ნათქვამია პიტერ სტანოს განცხადებაში.

ე.წ. არჩევნებს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია – სუამის სამდივნოც გამოეხმაურა.

“სუამის სამდივნო საქართველოს სოლიდარულია და არ სცნობს ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

22 მარტს გამართულ ე.წ. არჩევნებს გმობს ასევე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი.

„ლიეტუვა არ აღიარებს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნებს“. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური გზის მიმართ“ – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად