საერთაშორისო ფესტივალი “თეატრალური იმერეთი” დაიწყო

საერთაშორისო ფესტივალი “თეატრალური იმერეთი” დაიწყო. ფესტივალის ფარგლებში იმერეთის რეგიონში მოქმედი პროფესიული თუ სახალხო თეატრების მიერ წარმოდგენილი იქნება 13 სპექტაკლი.

მაყურებელს საშუალება ეძლევა 17 ივნისიდან 1 ივლისის ჩათვლით მისთვის სასურველ წარმოდგენას დაესწროს. წელს ფესტივალი COVID-ის გავრცელების რისკის შესამცირებლად ჯანდაცვის რეკომენდაციების სრული დაცვით ტარდება.

ფესტივალის გახსნას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. ფესტივალის ფარგლებში ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო პროფესიულმა თეატრმა მაყურებლებს სპექტაკლი ,,სიმართლე“ წარუდგინა.

,, ვულოცავ მთელს იმერეთს და განსაკუთრებით თეატრალურ საზოგადოებას ფესტივალის დაწყებას. დღეს გაიხსნა იმერეთის თეატრალური ფესტივალის მეთორმეტე სეზონი, რომელიც აერთიანებს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის თეატრალურ შემადგენლობას. უახლოესი დღეების განმავლობაში მაყურებელს ექნება ბედნიერება იხილოს ძალიან ბევრი საინტერესო წარმოდგენა“ – ზვიად შალამბერიძე.

აღსანიშნავია ისიც, რომ წარმოდგენებს შეაფასებს პროფესიული ჟიური და ფესტივალის ბოლოს 12 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან.

პროექტს უკვე მეთორმეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. აღნიშნული ფესტივალი ყოველწლიურად უფრო მასშტაბურია და იმერეთის თეატრების გარდა სხვა დასებიც მონაწილეობენ.

კომენტარები
იტვირთება...