საერთაშორისო გამჭვირვალობა: ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება პოლიტიკური დევნის ეჭვებს აჩენს

ირაკლი ოქრუაშვილის დაკავება პოლიტიკური დევნის ეჭვებს აჩენს, – ამის შესახებ განცხადებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აქვეყნებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ შსს-ს მიერ გავრცელებულ ვიდეომტკიცებულებაში არ იკვეთება ოქრუაშვილის ბრალეულობა.

„მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილ ვიდეომასალაში ცხადად არ იკვეთება ოქრუაშვილის მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ნიშნები. ოქრუაშვილის როგორც მოწოდებები, ისე ქმედებები მის დასაკავებლად არ იყო საკმარისი.

გასათვალისწინებელია, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არის ოპოზიციური პარტიის ლიდერი და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი პირი, ასევე, მან ბოლო პერიოდში ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის მფლობელობაზე პრეტენზია გამოთქვა, მასსა და ქიბარ ხალვაშს შორის შეთანხმებაზე ისაუბრა და წილების დაბრუნებისათვის სამართლებრივი დავა დაიწყო.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას, გაასაჯაროონ ოქრუაშვილის ბრალეულობის დამადასტურებელი წონადი მტკიცებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გაჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მისი დაკავება პოლიტიკურ მიზანს ემსახურება,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, შსს-მ ირაკლი ოქრუაშვილი 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის ბრალდებით ორი დღის წინ დააკავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად